სიტყვა "ბასკაკის" განმარტება იხილეთ სტატიის ბოლოს…
ზურაბ ადეიშვილი, ივანე მერაბიშვილი, კოტე კუბლაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი არველაძე, ვასილ როინიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი _ შსს-ს, პროკურატურისა და უშიშროების საბჭოს ყველა მაღალჩინოსანმა თავი ერთ ფონდში მოიყარა. შედარებით მაღალი რანგის ჩინოვნიკები დამფუძნებლები იყვნენ, მათი მოადგილეები კი – გამგეობის წევრები. გთავაზობთ გამგეობის წევრთა ჩამონათვალს (2004 წელი): ფონდის დირექტორი: კონსტანტინე კუბლაშვილი, ფონდის გამგეობის წევრები: შს მინისტრის მოადგილე გიორგი ჯანაშია, შს მინისტრის მოადგილე გიორგი არევაძე, შსს-ს ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იასონ ჩიხლაძე, გენპროკურატურის კადრების სამმართველოს უფროსი ვასილ როინიშვილი, გენპროკურატურის ეკონომიკური სამსახურის უფროსი სერგო მესხი, გენპროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვალერი ცერცვაძე, უშიშროების სამინისტროს შესყიდვების განყოფილების უფროსი ზაქარია სადაღაშვილი.
წლების მიხედვით, ეს შემადგენლობა როტაციის პრინციპით იცვლებოდა. უცვლელი მხოლოდ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი იყო.
"სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდი" _ ასე ერქვა ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფონდს, რომლის იურიდიული მისამართი ვაჟა ფშაველას N72 იყო, ამჟამინდელი მოდულის შენობა . ფონდი 2004 წლის 14 ივნისს N 707 ბრძანების საფუძველზე დაფუძნდა.
ამ ფონდის არსებობით მას შემდეგ დავინტერესდით, რაც "გურია ნიუსს" რამდენიმე ბიზნესმენმა ერთი და იგივე სახის ინფორმაცია მიაწოდა. მათი განცხადებით, 2004-2005-2006 წლებში, ბიზნესმენებს აიძულებდნენ სპეციალურ ანგარიშზე, რომელსაც "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდს" უწოდებდნენ, გარკვეული რაოდენობის თანხა ჩაერიცხათ.
თანხის გადარიცხვის საკითხებს ბიზნესმენებთან დავით კეზერაშვილი "აგვარებდა". შეხვედრის ადგილი კი ფინანსური პოლიცია იყო.
ამ ფონდის "შემომწირველთა" რიცხვში აღმოჩნდნენ ის ბიზნესმენები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართეს და დავით ბეჟუაშვილი მათი კუთვნილი ქონების უკანონოდ მითვისებაში დაადანაშაულეს.
"ბატონო პრემიერო, პარლამენტარმა დავით ბეჟუაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი კომპანიის აქციების 100 % ხელში უკანონოდ ჩაეგდო. პროცესში, რომელიც 2003 წლიდან დაიწყო, ჩართული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა – დავით სააკაშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, ფინანსური პოლიციის მაშინდელი უფროსი დავით კეზერაშვილი, კახეთის მაშინდელი გუბერნატორი პეტრე ცისკარიშვილი… მათი მოადგილეები, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები, კუდის თანამშრომლები, პროკურორები, ადვოკატები და მოსამართლეები…
2006 -2007 წლებში კი კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა, აქციონერებისა და თანამშრომლების დაპატიმრებით, მათთვის აბსურდული ბრალდებების წარდგენით, კომპანიისთვის მილიონობით ლარის დაკისრებით და კომპანიიდან ჩვენი, კეთილსინდისიერი მფლობელების, საბოლოო გამოძევებით დასრულდა. კომპანია ამ დრომდე პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის მფლობელობაში რჩება. " _ ნათქვამია წერილში.
"გურია ნიუსი" "ავტოგაზის" და ბეჟუაშვილის საქმით დაინტერესდა ( ამ თემაზე ვრცელ მასალას შემოგთავაზებთ). სწორედ ერთ-ერთ აქციონერთან, თენგიზ მაჭავარიანთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის" ერთი-ერთი მსხვერპლი მათი ბიზნესიც იყო ნახევარმილიონიანი "შემოწირულობით"
ადეიშვილისა და მერაბიშვილის ფონდის მთავარი "ბასკაკი" _ დავით კეზერაშვილი!
რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდს, თენგიზ მაჭავარიანი "გურია ნიუსთან" საუბრისას კეზერაშვილთან ფინანსურ პოლიციაში შეხვედრის დეტალებს იხსენებს: "კეზერაშვილმა დამიბარა ფინანსურ პოლიციაში. შეხვედრა მის კაბინეტში შედგა. ტელეფონით გამოიძახა მდივანი გოგო და თხოვა ანგარიშის ნომრის მიტანა. შემდეგ წინ დამიდო ანგარიში და მითხრა, ეს არის სამართალდამცავი ორგანოების დახმარების ფონდი და თანხა უნდა გადარიცხოთო. რამდენს გადარიცხავთ ყოველთვიურადო? ვერ მივხვდი რა მეთქვა. შეიძლება ისეთი თანხა მეთქვა, რომ არ მოწონებოდა და მეც ჩემი დაჭერილი მეგობრის გვერდით მივესვი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ვკითხე, რამდენია საჭიროთქო? ერთ 20 000 გადაიხდითო? ეს დავალება არისთქო? კი, დავალებააო… ამის შემდეგ, დაახლოებით 2 წელი ვიხდიდით ამ თანხას…"
ორ წელიწადში ამ თანხამ 480 000 ლარი შეადგინა, თითქმის ნახევარი მილიონი, საუბარია მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის "შემოწირულობაზე".
ფონდის მთლიანი შემოსავლები შედგებოდა სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობებისა და მაშინდელ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან არსებული სსიპ-ის "განვითარებისა და რეფორმების ფონდისგან " მიღებული გრანტისგან.
ანუ, ვიღებთ ასეთ სურათს: მიხეილ სააკაშვილის ფონდი გრანტს აძლევდა ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფონდს, რასაც ემატებოდა იძულებითი "შემოწირულობები" ბიზნესიდან და საერთო ჯამში, ეს ყველაფერი თავს ერთ დიდ ყულაბაში იყრიდა, რომლის შევსებაც დავით კეზერაშვილს ევალებოდა.
ფონდის ანგარიშები ბანკებში და მილიონიანი ანაბრები
როგორც დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ირკვევა, "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდს" ანგარიში რამდენიმე ბანკში ჰქონდა გახსნილი: "ბანკ რესპუბლიკაში, "საქართველოს ბანკსა" და "ბაზისბანკში".
2005 წლის 28 მარტს და ამავე წლის 11 აგვისტოს, ფონდსა და "ბანკ რესპუბლიკას" შორის ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება ფორმდება. 28 აგვისტოსვე, ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე ფონდს შეაქვს 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარი, რომელიც სადეპოზიტო ანგარიშიდან დარიცხულ პროცენტთან ერთად მოხსნილი იქნა 2005 წლის 11 აგვისტოს და ამავე დღეს, ფონდმა ანგარიშზე ხელახლა განათავსა 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარი.
საბოლოო ჯამში, ფონდმა 5 თვეში 3 მილიონი დოლარის ბრუნვა განახორციელა საბანკო ანაბარზე.
"გურია ნიუსთან" საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ფონდები იმ პერიოდში საქართველოში არაერთი იყო:
ლევან კალანდაძე: "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ბიზნესმენების დატერორების, მათთან დადებული საპროცესო გარიგებების, ასევე მათგან ძალით ნაჩუქარი თანხები ხდებოდა ამ და ამდაგვარ ფონდებში, რომელიც შემდგომ ამ თანხებს გაურკვეველი მიზნებისთვის იყენებდა და ათავსებდა საბანკო დეპოზიტებზე, დამატებითი საპროცენტო შემოსავლების მიღების მიზნით."
ფონდის წესდებაში "შესაწირი" ცალკე, მე-4 თავში იყო განმარტებული და 4. 4 პუნქტის თანახმად, შესაწირის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელი იყო… კიდევ უფრო საინტერესოა ამავე თავის 4.2 პუნქტი " შესაწირის შეტანა შეიძლება ნებისმიერ ვალუტაში, შესაწირი შეიძლება შეტანილი იქნეს, არა მხოლოდ ფულადი, არამედ სხვა სახითაც…"
როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე განმარტავს, ეს ის შემთხვევა უნდა ყოფილიყო, რაზედაც "ნაცმოძრაობის" პერიოდში დატერორებული ბიზნესმენები საუბრობდნენ:
ლევან კალანდაძე: "მაგ პუნქტის ჩადებას წესდებაში თავისი "მნიშვნელოვანი" დატვირთვა ჰქონდა, რადგან როგორც წესი, ანგარიშსწორება სახელმწიფოს ან აღნიშნული ტიპის ფონდების სასარგებლოდ ხდებოდა სამი ფორმით: 1. ქონების დათმობა 2. ფულის "შეწერა" და 3.წილის დათმობა."
სულ რა რაოდენობის "შემოწირულობა" მიიღო ფონდმა წლების განმავლობაში და ვინ იყვნენ მისი მთავარი შემომწირველები? ვინ და რამდენი გადარიცხა, რა შემოსავლები დააგროვა და რას მოხმარდა "სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდის" სხვადასხვა ბანკში გახსნილ ანგარიშებზე ბიზნესმენებისგან "შეწირული" ფული? ამ კითხვებით "გურია ნიუსმა" როგორც ფონდის სამართალმემკვიდრეს, უკვე მიმართა შსს-ს
ფონდის ლიკვიდაცია 2008 წლის 11 ივლისს მოხდა… რა ხდებოდა ფონდის ანგარიშებზე ლიკვიდაციამდე, იმედია, ამის პასუხს შსს-სგან დროულად მივიღებთ…
პ. ს სიტყვა "ბასკაკის" განმარტება:" ბასკაკი (თურქ.) მონღოლ ყაენთა მოხელე, რომელიც განაგებდა დაპყრობილ ქვეყნებში გადასახადების აკრეფის და მოსახლეობის აღრიცხვის საქმეს.