მსხვილ, ხასხასა ბადრიჯანს, მეოთხედ ნაწილზე, სიგრძივად ავათალოთ კანი და თეთრი მხრიდან სიგრძეზე გავსეროთ, ბოლომდე არ ჩავჭრათ არც ერთ მხარეს. ასე შევწვათ ცხელ ჰაერღუმელში. დავალაგოთ ცალკე.
მერე ავიღოთ ძროხის ხორცის ფარში და ცხიმში მოვშუშოთ. მოხრაკვის დროს, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი ერთი ცალი სტაფილო, ერთი ცალი კარტოფილი, შავი პილპილი, წითელი მწარე წიწაკა, მარილი, წვრილად დაჭრილი ნიორი გემოვნებით. ეს მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.
შემდეგ ბადრიჯანი ნავისებურად გავწიოთ და შიგ ზომიერად ჩავდოთ მომზადებული ფარში. დავალაგოთ ცალკე. მერე ტომატი ცოტა წყალში გავხსნათ. ვუყოთ გემოვნებით მარილი, შავი და წითელი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი და მოვასხათ ბადრიჯნებს შუაში.
შემდეგ დავალაგოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, შევდგათ დაბალ ცეცხლზე, ჰაერღუმელში. მალე გამოვიღოთ. ბოლოს მოვრთოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და ასე მივიტანოთ სუფრასთან.