2014 წლის 5 ნოემბრიდან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს.
"1 ნოემბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში, შერჩეული 10 ათასამდე აღმწერი, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების წინასწარ შემოვლას განახორციელებენ და მოსახლეობას აცნობებენ მოსალოდნელი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ", _ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქტატი ავრცელებს.
მათივე თქმით, "აღმწერები ოჯახებთან შეათანხმებენ გამოკითხვისათვის მათთვის მოსახერხებელ დროს. საქსტატი თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, ითანამშრომლონ საქსტატის წარმომადგენელთან და მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია."
მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბერს დაიწყება და 19 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 ოქტომბერს "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით "აღწერის კითხვარში ასახული მონაცემი კონფიდენციალურია და მისი გავრცელების უფლება არავის არ აქვს", სადაც, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში მოსახლეობის რიცხოვნების, სქესობრივ-ასაკობრივი და ეთნიკური შემადგენლობის, განთლების დონის, ოჯახური მდგომარეობის, დასაქმება-უმუშევრობის, შშმპ პირთა რიცხოვნობის, შინამეურნეობის საბინაო პირობების, შიდა მიგრაციის, ემიგრაციისა და იმიგრაციის, შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, მრავალწლოვანი ნარგავების რაოდენობის, ვაზის ძირთა ჯიშებისა და მათი რაოდენობის, პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობისა და ა.შ. აღწერა იწყება. რისთვისაც მზადება 2006 წელს დაიწყო.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან "აღწერა 2014" -სთვის 14 500 000 ლარი გამოიყო.