გიული ტოროტაძე:
_ ოზურგეთში ძალიან ბევრი პრობლემაა. პირველი პრობლემა ისაა, რომ ახალგაზრდები არ არიან დასაქმებულები; მეორე ისაა, რომ ახალი მთავრობა არც ერთი დაპირების შესრულებას არ აპირებს; მესამე ის, რომ მოხუცები არ სჭირდება ჩვენს ხელისუფლებას. ვისაც უნდა, იმას ეწყინოს _ მოხუცებს არ ეხმარებიან, არ ეცოდებათ. რეანიმაციაში ვიწექი, დახმარება მჭირდებოდა და არავინ არ დამხმარებია. კი ვარ მოხუცი, მაგრამ ხომ ვიყავი ახალგაზრდა? მეც ხომ ვმუშაობდი? ხალხს გაჭირვება ყელში აქვს ამოსული. წინასაარჩევნოდ ყველაფერს გვპირდებოდა ქალაქის მერი, მაგრამ ჯერ არც ერთი არაა შესრულებული. ზამთრის გატანა ძალიან ძნელია, წელს შეშით დახმარებაზეც კი უარი გვიხრეს.
გულო მუმლაძე:
_ გაკეთებით კი კეთდება საქმე, მაგრამ გასაკეთებელი, როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრია. ასე, კონკრეტულად, ვერ გეტყვით.
იური თავაძე:
_ ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. უკეთესობა თუ იქნება, მაგას რა ჯობია?!
ლალი წყავზარაძე:
_ პრობლემა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, მაგრამ განსაკუთრებით აღვნიშნავდი უმუშევრობის პრობლემას, რაც წლების განმავლობაში მოდის, ისევე, როგორც დღევანდელი ცხოვრებისეული ყველა პრობლემა. მე, მაგალითად, ოთხი შვილი მყავს და ოთხივე უმუშევარია.
სალომე მგელაძე:
_ ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა ახალგაზრდების უმუშევრობაა.
ნათია ჯაველიძე:
_ სადაც მე ვცხოვრობ, მრავალსართულიან ბინაში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, # 127-ში, შენობას გადახურვა და საძირკვლის შეკეთება სჭირდება, რის გაკეთებაც ახალმა ხელისუფლებამ არ მიიჩნია საჭიროდ.