"ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ინიციატივით და ორგანიზატორობით საჯარო დისკუსია გაიმართა გუბერნიის ახალი შენობის აშენების თაობაზე. ეს ინფორმაცია პირველად "გურია ნიუსის" ვებ-გვერდმა გაავრცელა _ გუბერნიის ახალი შენობის აშენების ერთ-ერთ ადგილად ოზურგეთის დასვენების და კულტურის პარკის ტერიტორია დასახელდა.
_ დისკუსიის მიზანი იყო, რომ განხილულიყო ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის საჭიროება, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, დაფინანსების წყაროები, პარკის ტერიტორიაზე მისი განთავსების მიზანშეწონილობა, _ თქვა "ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" კოორდინატორმა გრიგოლ მახარაძემ.
_ ახალი ობიექტის გახსნა ოზურგეთისთვის ძალიან მოსაწონია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ რაღაც გაფუჭდეს. თუ ეს პროექტი გახორციელდა იმ ადგილზე, სადაც დაანონსებული აქვს სამხარეო ადმინისტრაციას, ჩემთვის ძალიან მიუღებელი იქნება. ყველა ოზურგეთელისთვის ეს ტერიტორია არის ისტორიული, ამ ადგილზე ნამდვილად არ უნდა აიგოს რაიმე შენობა. აქ რეკრეაციული ზონაა და აქედან გამომდინარე, ყველას სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, ქალაქს კომუნისტების დროიდან გააჩნია სამსართულიანი შენობა, რომელიც, ასე თუ ისე, ნორმალურ მდგომარეობაშია _ ყოველ შემთხვევაში, ექვემდებარება შეკეთებას და რემონტს. სამხარეო ადმინისტრაცია უნდა დარჩეს იმ შენობაში და არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს მისთვის ახალი შენობის შექმნა, _ განაცხადა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა ლევან მგელაძემ.
ოზურგეთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, ურბანული განვითარების და მშენებლობის სამსახურის უფროსი მამუკა მახარაძე ამბობს, რომ ახალი შენობის აშენებისთვის ახალი ტერიტორიაა მოსაძებნი: _ მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციული შენობა ქალაქის ცენტრში უნდა იდგას, თუმცა, ეს უფლებას არ გვაძლევს, ამისთვის რეკრეაციული ზონა გამოვიყენოთ. თუ ნამდვილად არსებობს ახალი შენობის აშენების საჭიროება, ალტერნატიული ტერიტორია უნდა მოიძებნოს.
გუბერნიის შენობის პარკში აშენებას არ ეთანხმება ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე: _ არ მგონია, რომელიმე სამინისტროს გაუჩნდეს ისეთი აზრი, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვიტოს ქალაქ ოზურგეთში რაიმე სახის შენობის აშენება ისე, რომ არ დაეკითხოს ადგილობრივ ხელისუფლებას და მისგან არ მიიღოს თანხმობა. ოზურგეთი გახდა თვითმმართველი ქალაქი, მას ჰყავს მერი და არჩეული საკრებულო. ამიტომ, ოზურგეთელებმა უნდა იგრძნონ უკეთესობა და ოზურგეთის წინსვლა უნდა დაინახონ იმის შემდეგ, რაც ქალაქი გახდა თვითმმართველი. აქ არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ გახორციელდება საზოგადოების ჩართულობის გარეშე, _ ამბობს ბეგლარ სიორიძე.
თამაზ ტრაპაიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი:
_ ნებისმიერი მშენებლობა როდესაც იწყება, ამას გარკვეული წინაპირობები გააჩნია და არეგულირებს რამდენიმე კანონი. თუმცა, თუ ჩვენ წავიკითხავთ მთავრობის შესაბამის დადგენილებას, აღმოვაჩენთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, მოგეხსენებათ, რომ გუბერნიაც არის ამ ჩამონათვალში, ამ შემთხვევაში ლიცენზიებისა და ნებართვების საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა, ანუ არ არის საჭირო ნებართვის გაცემა და მათ მიერ მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.
ახლა, რაც შეეხება ჩემს აზრს, გუბერნიის ახალი შენობის აშენება პრობლემა არ არის, მთავარია, არ მოხდეს რეკრეაციული ზონის შემცირების ხარჯზე. ბავშვების გასართობი არათუ უნდა შევამციროთ, არამედ ფუნქციური დატვირთვა მივცეთ მას, გავალამაზოთ და გავამრავალფეროვნოთ, _ თქვა ტრაპაიძემ.
_ ცოტა შოკირებული ვარ და ცოტა გაკვირვებული. ნამდვილად არ ვეთანხმები, რომ პარკში გუბერნიის შენობა აშენდეს. ჩემთვის ყველაზე ცუდ დროს და ქვეყნისთვის ყველაზე ცუდ დროს ვიყავი გამგებლის მოადგილე. მაშინ ეს პარკი გაყიდული იყო და კარლო გუჯაბიძის ვაჟკაცობა რომ არა, ეს პარკი წაღებული იქნებოდა. შეიძლება, კეთილი მიზნით, მაგრამ იგი აღარ იარსებებდა. ჩვენ მართლა ხმალამოღებული დავდექით და მოგვარდა პრობლემა, _ საკუთარი მოსაზრება გამოხატა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ.