"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ანსამბლი "გურია", ერთთვიანი გასტროლით, რუსეთის რამდენიმე ქალაქში კონცერტებს გამართავს. ამ დღეებში ოზურგეთში იმყოფებოდა პროდიუსერი, რუსლან ბურდინოვი, რომლის თქმით, ანსამბლ "გურიას" კონცერტების შემდეგ, საქართველოში რუსეთში მოღვაწე მომღერლები, მოცეკვავეები და მსახიობები ჩამოვლნენ.
"რუსეთში, ანსამბლ "გურიას" კონცერტები, დაახლოებით, ერთ თვეს გაგრძელდება. რუსული მხარე ცდილობს, რომ კულტურული ურთიერთობა დაამყაროს საქართველოსთან, რადგან მრავალი წლის მანძილზე, საქართველოს და რუსეთს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ეს საგასტროლო ტურნე შეუწყობს ხელს ხალხთა შორის მეგობრობის შენარჩუნებას. პირველ რიგში ანსამბლ "გურიას" კონცერტები გაიმართება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, რის შემდეგ რუსეთში მოღვაწე მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები ჩამოვლენ საქართველოში. ეს არის კულტურული გაცვლითი პროგრამა და მინდა ვთქვა, რომ ამ კონცერტებს არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან.
პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უბრალო მოქალაქეებს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ეს შეხვედრები არის აუცილებელი", _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს რუსლან ბურდინოვმა.