მათ შორის იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე, რომელიც აწ უკვე ყოფილმა თანაპარტიელებმა შეთანხმების დარღვევაშიც კი დაადანაშაულეს.
იმავე დღეს საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვახტანგ ზენაიშვილმა, რომელსაც, კვერღელიძისგან განსხვავებით, პარტია არ დაუტოვებია:
_ დასანიშნი კადრების სიას უშიშროების სამსახური რომ ცხრილავს და იქედან სასურველ კანდიდატურას ავტოკალმით ხაზავს. ეს არაა ბოლშევიკური მიდგომა? _ განაცხადა ზენაიშვილმა მოვლენების შეფასებისას.
გასულ ორშაბათს G-News TV-ის ყოველკვირეული გადაცემის _ "კვირის თემა", სტუმრები დიმიტრი კვერღელიძე და ვახტანგ ზენაიშვილი იყვნენ, რომლებმაც მიმდინარე მოვლენებზე ვრცლად ისაუბრეს.
_ ყრილობაზე დაახლოებით 70 ადამიანი იყო გურიიდან. დაგეგმილი მეტი იყო, მაგრამ სანამ ცნობილი მოვლენები განვითარდებოდა, მანამ დაგვირეკეს პარტიიდან და გვითხრეს, რომ წამსვლელთა რაოდენობა შეგვემცირებინა. სტუმრები მრავლად იქნებოდნენ, ადგილები არ რჩებოდა და ამიტომ შევამცირეთ. მართალია, ნაწილმა დატოვა პარტიის რიგები, თუმცა, ეს არ ყოფილა მიზეზი, რომ 70 ადამიანი წავიდა და მეტი არა, _ აღნიშნა ზენაიშვილმა.
დიმიტრი კვერღელიძემ პარტიის დატოვების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ამომრჩევლის წინაშე აქვს აღებული პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, მიუღებლად მიაჩნია, კოალიციასთან გამიჯვნა.
_ ბატონო დიმიტრი, თქვენ ყველაზე ადრე დატოვეთ პარტია. თუ წარსულს გავიხსენებთ, სწორედ გურია, უფრო დაზუსტებით კი ჩოხატაური იყო პირველი, სადაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობა" დაიშალა… ეს შედარება თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ ბევრჯერ გააკეთეს…
_ მე ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვარ, რომელმაც "თავისუფალი დემოკრატები" დააფუძნა გურიაში. ოზურგეთიდან მხოლოდ მე, თემურ სალუქვაძემ და გოჩა ჩხაიძემ შევქმენით ეს პარტია, შესაბამისად, ჩემი პასუხისმგებლობაც უფრო მეტია. რაც შეეხება პირველობას, ამაზე არც მიფიქრია. ჩვენ კოალიციის შექმნამდეც მივიღეთ არჩევნები მონაწილეობა, ვიბრძოდით "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, შემდეგ კოალიციასთან ერთდ მივაღწიეთ გამარჯვებას და პასუხისმგებლობაც ავიღეთ ამომრჩევლის წინაშე. ასე რომ, ამ ეტაპზე ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია კოალიციის დატოვება. სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა მიმართულებებში და ამიტომ ვთვლიდი, რომ ჩემი ადგილი არ იყო "თავისუფალ დემოკრატებში". ამ დრომდე დამფუძნებლები ვიკრიბებოდით ყველა საკითხის განსახილველად _ ძალიან კარგი ტრადიცია ჰქონდა ბატონ ირაკლის, თუმცა, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. უპრიანი იქნებოდა, შევხვედროდით, გვემსჯელა კოალიციის დატოვება-არდატოვების შესახებ და მერე მიგვეღო გადაწყვეტილება. მე ეს გადაწყვეტილება თანამდებობის გამო არ მიმიღია _ ჩემს პოსტს საფრთხე არ ემუქრებოდა, რადგან მე არჩევით თანამდებობაზე ვარ, _ ამბობს კვერღელიძე.
ვახტანგ ზენაიშვილი მიიჩნევს რომ ქვეყანაში ფასეულობების პრობლემაა. ლანჩხუთის გამგებლის მოადგილის თქმით, ბევრ შემთხვევაში, ადამიანებმა პარტია შიში გამო დატოვეს. ზენაიშვილი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ მათგანზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რასაც კატეგორიულად არ დაეთანხმა დიმიტრი კვერღელიძე.
ვახტანგ ზენაიშვილმა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გურიის გუბერნატორი ადგილობრივ თვითმმართველობაზე ზეწოლას ახდენს. ამის მაგალითად გამგებლის მოადგილის დანიშვნის გაჭიანურებას ასახელებს": _ მე ამის დოკუმენტი, ფაქტი არ მაქვს, რადგან არ ვაწარმოებ ფარულ ჩანაწერებს, თუმცა ეს ასეა. ჰკითხეთ ზაზა ურუშაძეს, რატომ ვერ დანიშნა დიდი ხნის განმავლობაში მოადგილე. სხვათა შორის, ფარულ ჩანაწერებს რომ ახორციელებენ, ესეც ევროპული ღირებულებების გადახვევაა. სახელმწიფო სტრუქტურები თავის ფუნქციებში უნდა ჩაეტიონ და "დაუკრეფავში" არ გადადიოდნენ. პოლიტიკურ საკითხებს არ უნდა წყვეტდეს უშიშროება, _ განაცხადა "კვირის თემაში" სტუმრობისას ვახტანგ ზენაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში დასანიშნი ადამიანების სია უშიშროებას გადასცეს "გასაცხრილად".
კვერღელიძე არ დაეთანხმა ზენაიშვილს _ როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, კოალიციის მონაპოვარია, რომ დღეს ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა და ამის დასტური ვახტანგ ზენაიშვილის განცხადებებიცაა.
ზენაიშვილი გამორიცხავს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო თანამდებობიდან გაუშვან, თუმცა, დასძენს, რომ ყველაფერი ინერციით მიდის და ამ ინერციას სჭირდება შეკავება.
დიმიტრი კვერღელიძე ამბობს, რომ გუბერნატორი თვითმმართველობის საქმიანობაში არ ერევა და ვერც ჩაერევა: _ ყველამ თავისი ფუნქცია უნდა იცოდეს. გუბერნატორს რომ უნდოდეს ჩარევა, მე სანამ საკრებულოს წევრი ვარ, ამას ვერ განახორციელებს. ჩვენ ამ წუთამდე ვთანამშრომლობთ გუბერნიასთან, გუბერნატორთან გვაქვს მეგობრულიც და თანამდებობრივი ურთიერთობებიც.
კვერღელიძემ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელფასების მატებაზე უარი გუბერნატორის ზეწოლის შედეგად თქვეს. მისივე თქმით, ეს თემა საზოგადოების მხრიდან ცუდად იქნა აღქმული ზოგიერთი თანამდებობის პირის არაპროფესიონალურად გაკეთებული განმარტებების გამო.
კვერღელიძე ამბობს, რომ გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ აქვთ დიდი ხელფასი და მის ქვევით მყოფებს კი _ არა:
_ ბატონო დიმიტრი, იმ სოციალურ ფონზე, რომელიც ქვეყანაში და შესაბამისად რეგიონშია, შეგიძლიათ დაგვისახელოთ ერთი ობიექტი მაინც, რომელიც თქვენი არჩევის შემდეგ გაიხსნა და რომელშიც ხალხი დაასაქმეთ?
_ ჩვენ, ჯერჯერობით, იმ ბიუჯეტით ვაგრძელებთ მუშაობს, რომელიც დაგვხვდა. თან ოზურგეთი ამ კუთხით ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან გაყოფა მოხდა. გარწმუნებთ, რომ როცა 2015 წლის ბიუჯეტს მივიღებთ, ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ადამიანებისთვის. ჩვენ ბიუჯეტის დაგეგმვა დავიწყეთ ქვემოდან ზემოთ, რაც ჯერ არ მომხდარა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სინამდვილეში. ჩვენ არ გვქონდა ვალდებულება, თუმცა, შევამცირეთ თანამშრომლები და ახლა გვყავს ის რაოდენობა, რომელიც, წესით, 2015 წლის იანვრიდან უნდა იყოს. ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება, რომ ვართ საბაზრო ეკონომიკაში და კონკურენციაში კერძო სექტორთან. როგორ გგონიათ, მაღალი რანგის სპეციალისტი 400-ლარიანი სამსახურისთვის მიიღებს კონკურსში მონაწილეობას?
_ კონკურენციაზე რომ ვსაუბრობთ, კერძო სექტორიც ძლიერი უნდა იყოს...
_ ბევრი ადამიანია წასული თბილისში, იქ საქმიანობენ, ხანდახან ძალიან დამამცირებელ თანამდებობაზეც კი არიან.
_ რას ნიშნავს დამამცირებელი თანამდებობა? სამუშაო, რომელსაც პატიოსნად ასრულებს ადამიანი, არასოდეს არ არის დამამცირებელი…
_ ვთქვათ ადამიანს აქვს მაღალი ინტელექტი და მუშაობს დარაჯად.
_ დარაჯი არ არის დამამცირებელი თანამდებობა… ძალიან ცდებით, თუ ასე ფიქრობთ…
_ ეს არის კვალიფიკაციიდან გამომდინარე. ჩვენ თუ გვინდა კონკურენციის გაზრდა, უნდა გაგვეზარდა ხელფასები. არასწორად გამიგეთ _ როცა ადამიანი კვალიფიციური კადრია, დარაჯად არ უნდა მუშაობდეს და უნდა მოვიდეს თვითმმართველობაში, მაგრამ იმის გამო, რომ დარაჯის ხელფასი მეტია, არ მოდის, _ დააკონკრეტა კვერღელიძემ.
მისივე თქმით, ისინი არ დაუშვებენ სახელფასო ფონდის ზრდას და მომავალ წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის კუთხით ბევრი მნიშნელოვანი პროექტი გახორციელდება.
კვერღელიძემ გუბერნიის შენობის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ უმჯობესია, ცალკე შენობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა გადავიდეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კონკრეტული ადგილი _ სოფელ ოზურგეთიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს სოფელსაც გააცოცხლებს. მისივე თქმით, ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის საკრებულო აუცილებლად იმსჯელებს.
ჩვენმა რესპონდენტებმა ქვეყნის კურსზეც ვრცლად ისაუბრეს. ზენაიშვილის თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" გზა ევროპისკენ მიდის, ხოლო კოალიციის _ რუსეთისკენ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ამის მაგალითები ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მრავლადაა.