"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაცია, საპატიო ოზურგეთელების დაჯილდოების საკითხს ეხმაურება.
"მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით ჩატარდა დღესასწაული "ალეგრობა", რომლის მიმდინარეობისას მოხდა "საპატიო ოზურგეთელის" წოდებების მინიჭება.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციამ მოიკვლია ამ საკითხთან დაკავშირებული გარემოებები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის 30.10.2014 წლის №245 ბრძანებით, " საპატიო ოზურგეთელის" გამოვლენის მიზნით, შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი. ამავე ჯგუფის 31.10.2014 წლის სხდომაზე, კენჭისყრით შეირჩა ექვსი საზოგადო მოღვაწე, რომელსაც მიენიჭა ეს საპატიო წოდება.
ხსენებულმა ფაქტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, რისი მიზეზიც ოზურგეთის მერიის მიერ საპატიო წოდების მინიჭების პროცედურების კანონთან შეუსაბამობა იყო. სწორედ ამის გამო საზოგადოების ფართო ფენისთვის, ეს პროცესი ძალიან საეჭვო და ბუნდოვანი გახლდათ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდა განსაზღვრულიყო მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესები და საკრებულოს საჯაროდ უნდა მიეწოდებინა საზოგადოებისათვის შემდეგი ინფორმაცია:- საპატიო წოდებების მინიჭების არსი და დანიშნულება; საპატიო წოდების კანდიდატთა წარმდგენი პირები (საკრებულო, საკრებულოს წევრთა შესაბამის ოდენობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საინიციატივი ჯგუფები და ა.შ.). კრიტერიუმები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატიო მოქალაქე; რეკომენდაციების წარმოდგენის წესი და მისი შინაარსის ზოგადი დებულებები; ჯილდოს ოდენობა ან ფასიანი საჩუქრის გადაცემის წესი;
ზემოხსენებულის ნაცვლად, ოზურგეთის მერის 30.10.2014 წლის დადგენილების საფუძველზე, 31 ოქტომბერს, ანუ მეორე დღესვე, შეიკრიბა დროებითი ჯგუფი, რომელმაც გამოავლინა საპატიო მოქალაქეები.
ამავე 31 ოქტომბრის ოქმის შინაარსის მიხედვით, დროებითმა ჯგუფმა და არა საკრებულომ, განსაზღვრა კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინა თითოეულ კანდიდატს.
მიუხედავად იმისა, რომ "საპატიო ოზურგეთელის" წოდება მიენიჭათ ჭეშმარიტად ღირსეულ ადამიანებს, გვინდა განვაცხადოთ, რომ მსგავსი წესით მიღებულმა ნაჩქარევმა და მოუმზადებელმა გადაწყვეტილებებმა საზოგადოებაში სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
ეს ასე არ მოხდებოდა პროცესები კანონით დადგენილი წესით რომ განხორციელებულიყო და საჯაროობის პრინციპები გათვალისწინებული ყოფილიყო.
ზემოთ ხსენებული ფაქტი გვაძლევს საშუალებას განვაცხადოთ შემდეგი: ოზურგეთის მერია უკვე მერამდენედ უგულებელჰყოფს საკრებულოს უფლებამოსილებებს და მისგან დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას;
ოზურგეთის მერია თავისი უფლებამოსილების გამოყენებისას სცდება ამავე უფლებამოსილებების გამოყენების ფარგლებს და იმ შეზღუდვებს, რომლებსაც აწესებს მოქმედი კანონმდებლობა;
ოზურგეთის მერია თავის საქმიანობას წარმართავს საჯაროობის პრინციპების გაუთვალისიწნებლად, რაც არ აძლევს საშუალებას საზოგადოებას გაერკვეს მერიის საქმიანობა.
მერიამ დღემდე ვერ შეძლო საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის ისეთი ფორმების გამონახვა, რომელიც თვითმმართველობას ხელს შეუწყობს საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ცნობისათვის: 1. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.დ პუნქტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებებს განეკუთვნება: მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესების დადგენა;
2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.08.2014 წლის დადგენილება № 1 – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ მესამე მუხლის მე-3 ნაწილის დ) პუნქტის მიხედვით – საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დადგენა;
3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 01.09.2014 წლის #5 დადგენილება -ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ი) პუნქტის მიხედვით – "კომისია საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოების და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენის შესახებ."
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, გოჩა ძიმისტარაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს:
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ 24 მუხლის თანახმად საპატიო წოდებები, ჯილდოები შემოაქვს საკრებულოს, შემოიღებს და განსაზღვრავს წესს. რაც შეეხება ჯილდოების მინიჭებას, მისი მინიჭების უფლება აქვს ქალაქის მერს, მაგრამ შემოაქვს და წესს ადგენს საკრებულო. ვინაიდან არ იყო შემოღებული საკრებულოს მიერ და წესით დადგენილი საკრებულოს მიერ, ჩემის აზრით, მერი შეცდომაში არის შეყვანილი. მართალია მას კანონში უწერია აქვს უფლება მიანიჭოს ჯილდოები და საპატიო წოდებები მოქალაქეებს, მაგრამ ამას წინ უნდა უსწრებდეს წესი, რომელიც მიღებულია საკრებულოს მიერ."
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გელა კობალაძის თქმით, ის ამ განხილვებს არ ესწრებოდა სისტემატურად.
"ჯანმრთელობის გამო ვერ ვესწრებოდი ბოლო საკრებულოს და ბიუროს სხდომას, აქედან გამომდინარე ზუსტად საქმის კურსში არა ვარ. ძირითადად არ ვესწრებოდი განხილვებს. აუცილებლად გავეცნობი ამ საკითხს და თუ არის რამე კანონდარღვევა, ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება.
ჩემთვის მხოლოდ ცნობილი იყო კანდიდატები, სადაც ჩემი აზრი გამოვთქვი. ეს კანდიდატები ჩემთვის იყო მისაღები და ისინი ნამდვილად ღირსეული ოზურგეთელები არიან. ეს დაჯილდოება გაგძელდება და ყველა ღირსეულ ოზურგეთელს მიენიჭება ეს წოდება", _ გვითხრა გელა კობალაძემ.
"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ ოზურგეთის მერიის კომენტარს მოგვიანებით გამოაქვეყნებს.