სპორტის თაყვანისმცემლებისათვის პოლ გესქოინის სახელი კარგად არის ცნობილი. ეს არაორდინალური მოთამაშე საკუთარი ორიგინალური გამოხდომებით, როგორც უშუალოდ საფეხბურთო მატჩების დროს, ასევე პირად ცხოვრებაში ყოველთვის მსოფლიოს ყვითელი პრესის თვალთახედვის არეში ექცეოდა.
რამდენიმე ხნის წინ, ინგლისელმა ჟურნალისტებმა მისი “თავგადასავლებისა” და გამონათქვამების ერთგვარი კრებული შეადგინეს და პატარა ბროშურად გამოსცეს.
ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ბობი რობსონმა, ერთ-ერთ ვარჯიშზე გაზას “იდიოტური ბუჩქი” უწოდა. მეორე დღეს “ბუჩქი” ბაზაზე წინდებში ტოტებგარჭობილი გამოცხადდა.
“რეინჯერსის” ლიდერი, ალი მაკკოისტი, ღამის ხუთ საათზე გაბმულმა სატელეფონო ზარმა გააღვიძა. ყურმილში გაისმა – “პოლი ვარ, ვერაფრით დავიძინე და ბილიარდი ხომ არ გვეთამაშა?”
იტალია–90-ზე ინგლისისა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრისას ფეხნატკენი ენცო შიფო მინდორზე გაწვა. გესქოინს ეგონა, რომ ბელგიელი აფერისტობდა, მიუახლოვდა, ენა გადმოაგდო და ცალ ფეხზე ხტუნაობა დაიწყო.
“ლაციო” “სამპდორიას” ხვდებოდა. მსაჯმა გაზა გააგდო, მან კი სათითაოდ ჩამოუარა გენუელ ფეხბურთელებს და ხელი ჩამოართვა.
მშვენიერ ხასიათზე მყოფი გაზა მანქანას ლონდონისკენ მიაქროლებდა. ამ დროს ზედ გზაზე პნევმატური ბურღით მომუშავე ადამიანი შენიშნა და დაამუხრუჭა კიდეც. გაზას მოთხოვნა ერთადერთი და ბუნებრივი იყო – გაეტარებინათ. მუშამ იცნო ვარსკვლავი, პატივისცემის ნიშნად ბურღი გამორთო და მთელი თავისი ავლადიდება გზიდან მოაშორა, რაზეც დაახლოებით 15 წუთი დაეხარჯა. კმაყოფილი გაზა მანქანაში ჩახტა, ტროტუარზე შეაგდო და იმ მონაკვეთს მაინც გვერდი აუქცია.
ერთ-ერთი შოტლანდიური სასტუმროს ბინადრები პირდაღებულნი უყურებდნენ, თუ როგორ დააქროლებდა გესქოინი უზარმაზარ ჯიპს გოლფის მოედანზე.
გაზა და მისი განუყრელი ძმაკაცი, მეტსახელად “ფაივ ბელისი” რესტორანში სადილობდნენ. ერთ მომენტში “ბელისმა” მაგიდა დატოვა, რითაც მისმა ძმაკაცმა უმალ ისარგებლა და ხორცის რულეტი კატის განავალით გამოუტენა.
“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველს, პოლ ლეიკს, უზარმაზარი ყურები ჰქონდა, რაც, რაღა თქმა უნდა, გაზას არ გამორჩენია. “სიტისთან” შეხვედრებისას, როგორც კი მომენტი ჩაუვარდებოდა, საკუთარ ყურებს იწელავდა და საცოდავ ლეიკს ეჭყანებოდა.
ოპერაციის წინ ექთანმა ეროვნება ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო – რა ეროვნებაზეა ლაპარაკი, მე ინგლისის ეკლესია ვარ.
ახალ ზელანდიაში ყოფნისას, სასტუმროს პერსონალს იმიტომ ეჩხუბა, რომ საუზმეზე ბეკონი არ მიართვეს. “რა ხდება – ამ ქვეყანაში ყველანი ცხვრები ხართ და სისხლიანი ბეკონი არა გაქვთ?” – იკითხა მან.