ქეთი ჯოგერდიშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბენდელიანის ქუჩაზე მდებარე ავარიულ შენობაში, 27 წელია, შვილთან ერთად ცხოვრობს.
ის, 27 წლის წინ, ჩოხატაურში ოსეთიდან ჩამოვიდა და მას შემდეგ მძიმე შრომით ცდილობს თავის გატანას _ ქალბატონი ქეთი ჩოხატაურის დასუფთავების სამსახურში მეეზოვედ მუშაობს და მისი ხელფასი 150 ლარია.
ქეთი ჯოგერდიშვილი ამბობს, რომ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევს. ის ფართი, რომელსაც სახლი ჰქვია, ავარიულია და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს დაინგრეს _ იატაკის ნაწილი უკვე ჩავარდნილია, ფანჯრებზე ცელოფნებია აკრული, კედლებზე ქარისაგან თავდასაცავად _ მუყაო.
ოჯახი სოციალურ დახმარებასაც იღებს, თუმცა, თავის გასატანად ეს საკმარისი არ არის. მით უმეტეს, უკეთესი საცხოვრებლის საყიდლად.
ჯოგერდიშვილების ოჯახს გასულ კვირას გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე და გამგებელი ირაკლი კუჭავა სტუმრობდნენ.
ხელისუფლებამ ჯოგერდიშვილებს ქირით გადასვლა შესთავაზა.
_ ქირით კი გადავალ, მეც მინდა ადამიანურ პირობებში ცხოვრება, მაგრამ მთავრობა რამდენ ხანს გადამიხდის ფულს? სულ ქუჩაში რომ დავრჩე, რა ვქნა? _ აღნიშნა ოჯახის დიასახლისმა.
გიორგი ჩხაიძის თქმით, როდესაც ხელისუფლება იღებს ვალდებულებას და მოქალაქისთვის ბინას ქირაობს, ქუჩაში არასდროს დატოვებს:
_ სამწუხაროდ, გურიაში ბევრი უსახლკარო ადამიანია. რომ დაგპირდეთ, სახლს შეგიძენთ,-მეთქი, ტყუილი იქნება. ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ქირით გადასვლა იქნება, _ აღნიშნა გუბერნატორმა.
_ აქ ცხოვრება საშიშია _ ეს შენობა დასანგრევია, რასაც მოსახლეობაც ითხოვს. ჩვენ რამდენიმე ადამიანს ვუხდით ბინის ქირას და ასე მოვიქცევით თქვენს შემთხვევაშიც. ამიტომაც, თუ ქირით გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც გვაქვს, _ მიმართა ჯოგერდიშვილებს ზაალ მამალაძემ.
ირაკლი კუჭავას თქმით, მომავალი თვიდან ქალბატონ ქეთის ხელფასი მოემატება, რაც შეჭირვებულ ოჯახს ყოფას შეუმსუბუქებს.