გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შემოწმების საშუალება აუდიტის სამსახურს არ მიეცა.
ამის შესახებ ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებები, რომელსაც ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე აუდიტის სამსახურს უყენებდა უსაფუძვლოა.
"დევნილთა სამინისტროში დარახველიძის მინისტრობის დროს გავაგზავნეთ წერილი შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა, პრობლემები შეგვექმნა. ამიტომ გაჩნდა მოსაზრებები, რომ თითქოს ჩვენ ხელს ვაფარებდით ძველი მინისტრის პერიოდს. თუმცა, წლებს თუ ნახავთ ვამოწმებთ 2011, 2012 და 2013 წლების საქმიანობას. შესაბამისად, 2011-2012 წლებში დარახველიძე მინისტრი არ იყო, შესაბამისად, მისი წინამორბედის საქმიანობის შემოწმებაც მოხდებოდა. ამ მიმოწერაში გაჩნდა პრობლემები, მაგრამ ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ეს პრობლემები მოხსნილია და შესაძლებლობა მოგვეცა სამინისტრო შევამოწმოთ. ვადასტურებ, რომ დარახველიძის მინისტრობის დროს აუდიტის ჯგუფს სამინისტროს შემოწმების პრობლემა შეგვექმნა. იყო იმაზე მსჯელობაც, რომ რაიმე სადამსჯელო სანქცია განგვეხორციელებინა“, _ აცხადებს თორდია.