დაახლოებით რვა დღის წინ იტალიური „ინტერის“ ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფეხბურთის სპეციალისტის გაშვების მიზეზი „სერია-A”-ში მილანური კლუბის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგი გახდა. თერთმეტი ტურის შემდეგ „ინტერს“ 16 ქულით მე-9 ადგილი უკავია.
მაცარის ადგილი ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთის სპეციალისტმა რობერტო მანჩინიმ დაიკავა. უკანასკნელ წლებში მანჩინი ბრიტანულ „მანჩესტერ სიტიში“ და თურქულ „გალათასარაიში“ მოღვაწეობდა. „ინტერის“ ახალ დამრიგებელს პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება ხვალ მოუწევს, როდესაც მისი გუნდი იტალიის პირველობაზე „მოსისხლე მტერს“ – „მილანს“ დაუპირისპირდება.
დღეს დილით გამოცემამ „Gazzetta dello Sport” საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ რობერტო მანჩინიმ თავის თანაშემწედ ახლო წარსულში ცნობილი ესპანელი მოთამაშე კარლეს პუიოლი მოისურვა. 36 წლის ფეხბურთელმა პროფესიული კარიერა მიმდინარე წლის ზაფხულში დაასრულა. ამისი მიზეზი მუხლის ტრავმა აღმოჩნდა. პუიოლი უმუშევარი არ დარჩენილა. მას „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიაში მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს.
იტალიური გამოცემის მტკიცებით, მანჩინი ათი დღის განმავლობაში პუიოლის დაყოლიებას ცდილობდა. ბატონი რობერტოს სამწუხაროდ ექს-„ბარსელონელმა“ კატალონიის დედაქალაქის დატოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა. თავისი გადაწყვეტილება კი იმით ახსნა რომ მშობლიური ქალაქის გარეთ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.