ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბოლო პერიოდში, დღის მეორე ნახევარში და ღამის საათებშიც, ხშირად ითიშება ელექტროენერგია, რის გამოც მოსახლეობა სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, ზოგავენ ელექტროენერგიას და სტიქია ან დაზიანება არაფერ შუაშია. ამიტომ დროა, სანთლები მოვიმარაგოთო, _ ამბობენ.
ბოლო თვის მანძილზე, სოფლებში: ლიხაურსა და ჭანიეთში, ასევე გურიანთაში დენის ხშირი გამორთვა ხდება ან დაბალი ძაბვაა. გასული კვირის განმავლობაში, სოფელ ჭანიეთში ყოველ საღამოს თუ დღეჩაგდებით შუქი ითიშება და მოგვიანებით რთავენ.
აღნიშნული ვითარების გამო, „გურია ნიუსი“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერს, გია ნაკაიძეს დაუკავშირდა:
_ ლიხაურისა და ჭანიეთის მიმართულებით, სულ ხუთი ტრანსფორმატორი დგას. ყველა 1950 წელს არის გამოშვებული. ხან ერთი ფუჭდება ხან მეორე. მუდამ ვარემონტებთ და შესაკეთებლად საჭიროა გამორთვა. მეც მინდა ღამით სახლში ვიყო, მაგრამ ამის გამო სამსახურში ვზივარ.
_ბატონო გია, კარგია, რომ პასუხისმგებლობას იჩენთ, მაგრამ თუ ასეა, ელექტროენერგიის მალმალე გამორთვა, რაც უფრო ძველდება ტრანსფორმატორები, უფრო გახშირდება. რა ეშველება ამ საქმეს?
_არ ვიცი, უნდა შევაკეთოთ. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით.