28 ნოემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაში გაიმართა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გახორციელებული "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 13 ნოემბერს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა" და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის საფუძველზეც გახორციელდა აღნიშნული კვლევა, რომლის მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობის, ანუ სოციალურ-ეკონომიკური პროფილის და მასთან დაკავშირებული დამოკიდებულებების შესწავლა იყო. კვლევა 2014 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. გამოიკითხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა _ 3 500-მდე რესპონდენტი, როგორც ქალაქში, ასევე, ტერიტორიულ ერთეულში.
პრეზენტაცია შესავალი სიტყვით გახსნეს "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" თავმჯდომარემ მარინა თოფურიამ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვახტანგ ზენაიშვილმა. მათ მოკლედ მიმოიხილეს აღნიშნული პროექტის მიზნები და ამოცანები. შედეგები კი ვრცლად წარმოგვიდგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიური კათედრის გამგემ იაგო კაჭკაჭიშვილმა. სწორედ, მისი ხელმძღვანელობით მოხდა საერთო ანალიზის და საბოლოო შედეგის ფორმირება.
უშუალოდ კვლევის ჩატარებამდე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომლმაც შეაჯერა გარკვეული კრიტერიუმები და ის ინდიკატორები დაადგინა, რის საფუძველზეც მოხდა შემდგომ კვლევის ჩატარება.