დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, ოზურგეთელი გია გოგუაძის თანამებრძოლებმა და მშობლიური სკოლის პედაგოგებმა პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული გმირის ხსოვნას და მისი საფლავი გვირგვინებით შეამკეს.
გია გოგუაძემ ბოხვაურის საჯარო სკოლა 2009 წელს დაამთავრა, სკოლის დამთავრების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილებით სამხედრო სამსახურს შეუდგა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად ავღანეთში გაემგზავრა.
კაპრალი გოგუაძე დავალების შესრულების დროს,თალიბების თავდასხმისას, სასიკვდილო ჭრილობების შედეგად 2011 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ქალბატონ თამარ სანიკიძის 2014 წლის 3 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლას გია გოგუაძის სახელი მიენიჭა.
2010 წლის 19 სექტემბერს გია გოგუაძემ ფიცი დაუდო თავის ქვეყანას, „ ვფიცავ, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის“. ეს ფიცი მან პირნათლად შეასრულა.
„ ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე, მის სახელსა და გვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მჯერა, რომ ამ სახელის მინიჭების შემდეგ, ბოხვაურის სკოლაში, ძალიან ბევრი ეროვნული გმირი გაიზრდება“- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
(R)