მიმდინარე წელს ჩოხატაურის "ბახმარო" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობს და პირველი წრის დასასრულს მეშვიდე ადგილზე იმყოფება. გუნდს საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან უწევს პაექრობა და როგორც ფეხბურთის სპეციალისტები ამბობენ, მეორე ლიგაში ასეთი დაძაბული და მაღალი კლასის გათამაშება 20 წლის განმავლობაში პირველად ნახეს. ფინანსურად ძალიან მოძლიერებული ვანის "სულორი", ხონის "იმერეთი" და ჩხოროწყუს "სამეგრელო" პირველი ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეორე ლიგაში უპრეცედენტოდ მომრავლდა მაღალი კლასის ფეხბურთელებიც, რომლებიც უმაღლესი ლიგიდან გადმოვიდნენ ზემოთ ჩამოთვლილ გუნდებში.
ჩოხატაურის "ბახმარო" ახალგაზდრული გუნდია და მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, ლიდერებსაც ბოლომდე ებრძოლა. კოტდივუარელი ლეგიონერი "ბობო" 19 გატანილი გოლით მეორე ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, ხოლო გიორგი ბიძინაშვილი ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც მეტოქეთა კარის აღება შეძლო _ მას რამდენიმე დღის წინ შეუსრულდა 16 წელი… გოლის გატანა გიორგიმ პირველი წრის უკანასკნელ მატჩში მოახერხა, სადაც "ბახმარომ" ბაღდათის "საირმეს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
გუნდს, რომელიც 2009 წლიდან არსებობს, ერთი თვეა, ახალი მწვრთნელი ჰყავს _ 25 წლის სანდრო შონია.
შონია 10 წელია, ფეხბურთის სამყაროშია. თამაშობდა "ვით ჯორჯიაში", "დინამოში". ბოლო 4 წელია, მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და "ბახმაროში" ითამაშა.
C კატეგორიის ახალგაზრდა მწვრთნელს წინ გამოცდები ელის. იგი B კატეგორიის ლიცენზიის აღებისთვის ემზადება.
C კატეგორიის ახალგაზრდა მწვრთნელს წინ გამოცდები ელის. იგი B კატეგორიის ლიცენზიის აღებისთვის ემზადება.
მისი მწვრთნელობის პერიოდში "ბახმარომ" 6 თამაში ჩაატარა, აქედან სამი თამაში მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ წააგო.
"ბახმარო", პრაქტიკულად, ახალი გუნდია. 3 თვეა, რაც გუნდს ახალი დირექტორი ჰყავს და ფეხბურთელებიც თითქმის თავიდან შეირჩა. ძირითადად, 15-20 წლის სპორტსმენები თამაშობენ. ეს არის პერსპექტიული, მეგობრული გუნდი, რომელსაც ვარჯიში სჭირდება. სანდრო შონიას დამხარე მწვრთნელები ჰყავს _ რამაზ უჯმაჯურიძე, რომელიც დიდი ხანია, "ბახმაროს" წვრთნის და ახლა თავის გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს, ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, 27 წლის ლაშა ცენტერაძე და ასევე, ყოფილი "ბახმაროელი", მეკარეების მწვრთნელი 26 წლის ლევან ძნელაძე.
_ მთავარი მწვრთნელი, დამხმარე და ა.შ. მხოლოდ ტერმინებია. ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებ საქმეს. ერთად ვიბრძვით გამარჯებისთვის და რაც მთავარია, ვაკეთებთ სიყვარულით, სუფთად. ჩვენ ჩოხატაურელები ვართ და სურვილთან ერთად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ გუნდი წარმატებული იყოს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას შონია.
მაშინ, როცა შონიამ "ბახმარო" ჩაიბარა, გუნდი, მიმდინარე ჩემპიონატის საფეხბურთო ცხრილში მეთერთმეტე ადგილს იკავებდა. ახლა კი მეშვიდე ადგილზე არიან.
_ ეს არ არის ის მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია და რა მიზანიც გვაქვს დასახული. იყო დრო, როცა ჩოხატაურის "ბახმარო" პირველ ლიგაშიც ასპარეზობდა. ამჟამად, მართალია, მეორე ლიგაში ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანი ისევ პირველ ლიგაში დაბრუნებაა. ვერ გეტყვით, რომ მიზნის მიღწევა ამ სეზონზე გვინდა, რადგან ამისთვის ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საამისოდ ჯერ მზად არ ვართ, თუმცა, ახალ სეზონზე ეს შედეგი უნდა დავდოთ _ ეს არის ხელმაძღვანელობის მოთხოვნაც, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე სეზონში პროგრამა მინიმუმი ხუთეულში მოხვერაა, _ ამბობს შონია.
მისივე თქმით, მეორე წრიდან გუნდის გაძლიერებას იწყებენ:
_ ყველა ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად გუნდში თამაშობს, ძალიან მონდომებული და მიზანდასახულია, რისთვისაც მადლობა მინდა თითოეულ მათგანს გადავუხადო. განსაკუთრებით ბოლო თამაშისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხუთი ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი ამინდი იყო, გუნდმა ყველაფერი გააკეთა მოგებისთვის. თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენ კიდევ მეტი გვინდა. ამიტომ, მეორე წრისთვის ახალი ფეხბურთელების დამატებას ვგეგმავთ. ეს აუცილებელია გუნდის გაძლიერებისთვის, შეკვრისთვის და მიზნის მიღწევისთვის, _ განმარტავს შონია.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ბახმაროს" ბევრი პრობლემა აქვს, პირველ რიგში კი ინფრასტრუქტურა. გასახდელები, სააბაზანოები, სტადიონი, რომელიც, როგორც გაირკვა, გუნდის ბალანსზე არ არის, მოწესრიგებას საჭიროებს. შონია ამბობს, რომ დახმარების პირობა ხელისუფლებიდან მიღებული აქვს:
_ ადგილობრივი ხელისუფლება გვერდით გვიდგას. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათ გარეშე ვერაფერს შევძლებდით. გარდა იმისა, რომ გვაფინანსებენ, თამაშებზეც ხშირად დადიან, რაც დამატებით სტიმულს აძლევს თითოეულ ჩვენგანს. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, გამგებელი, მისი მოადგილეები _ ამ ადამიანებს ჩვენს სტადიონზე ხშირად ნახავთ მაყურებელთა რიგებში. ეს ძალიან კარგი ტრადიციაა და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება, _ დასძენს შონია და ჩოხატაურელებს მოუწოდებს ბახმაროს უფრო აქტიურად უქომაგონ.