ხუთი წლის წინ, შოტლანდიის ქალაქ დანდის მცხოვრებმა, ვინმე მაიკ კრეიგმა მშობლიურ დასახლებულ პუნქტში პაბი გახსნა. ამ სახის დაწესებულებით დიდ ბრიტანეთში ვერავის გააკვირვებ, ამიტომ გონებაგამჭრიახმა ბიზნესმენმა მას ჯონ ლენონის სახელი უწოდა. ვარაუდი სწორი გამოდგა და მალე “Lennon's Bar”-მა დიდი პოპულარობა მოიხვეჭა.
ჯონ ლენონის ქვრივი იოკო ონო მეტად დაკავებული პიროვნებაა. ნამდვილად არ ვიცი ასეთმა დაკავებულმა ქალბატონმა საიდან შეიტყო შოტლანდიის ქალაქ დანდიში არსებული პაბის ამბავი. ფაქტი ერთია, ძალიან განრისხდა და სასწრაფო მოქმედებასაც შეუდგა.
ბრიტანული პრესის მტკიცებით, ჯონ ლენონის ქვრივის ადვოკატებმა პაბის მფლობელ მაიკ კრეიგს რამდენიმე დღის წინ ოფიციალური წერილი გაუგზავნეს.
იოკო ონო მოითხოვს, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შენობას მოაცილონ ყველა ის ატრიბუტი, რომელიც სახელოვანი მუსიკოსის სახელს უკავშირდება. საუბარია პაბისათვის სახელწოდების გამოცვლაზე, რადგან იოკო ონოს აზრით საავტორო უფლებების დარღვევასთან გვაქვს საქმე.
პაბის მფლობელი დანებებას არ აპირებს.
“შენობის ინტერიერის გაფორმებაზე სამი ათასი ფუნტი სტერლინგი დამეხარჯა. მაინტერესებს ამ თანხას უკან ვინ დამიბრუნებს? ეს პაბი ხუთი წლის წინ გავხსენი და სად იყო ამ ხნის განმავლობაში იოკო ონო? ნამდვილად არ ვაპირებ ერთი მოხუცი ბებრუხანის კაპრიზების დაკმაყოფილებას. ბრძოლას არ შევწყვეტ და საქმეს სასამართლომდე მივიყვან” – განუცხადა “The Sun“-ის ჟურნალისტს განრისხებულმა მაიკლ კრეიგმა.
ონო – კრეიგის დაპირისპირების უახლოეს დეტალებს მომავალში აუცილებლად შეგატყობინებთ.