"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი შოვნაძის მოადგილედ დაინიშნა.
თავად გიორგი შოვნაძე აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლებული იყო და მის მოვალეობას რატი ჯაფარიძე ასრულებდა. შოვნაძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარედ სასამართლომ ერთი კვირის წინ აღადგინა. სამსახურში დაბრუნებულს "კაზანტიპის" ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა, რომელიც "საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" ხელმძღვანელობიდან 4 აგვისტოს გაანთავისუფლეს, მოადგილედ დახვდა.
"გურია ნიუსი" გიორგის სიგუა მომავალი გეგმების შესახებ ესაუბრა:
_ რის გაკეთებას აპირებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოში?
_ ვაპირებ ტურიზმის განვითარებას. დაცულ ტერიტორიებს დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. არაერთი ტურისტული პროდუქტი გვაქვს, რომელთა ცნობადობა არც ისე მაღალია. აი, მათ პოპულარიზაციას, ტურისტების მოზიდვას, ინფასტრუქტურის განვითარებას და იმ ტურისტული პროდუქტების შექმნას ვაპირებ, რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ მალე იარსებებს. მაგალითად, ის რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში შესაძლებელია: მოეწყოს ტურები, იქირაოთ საძილე ტომრები, ხარაგაული ვიზიტორთა ცენტრში იქირაოთ ნომრები. ბევრი სხვა ტურისტული მომსახურება მიიღოთ; ის, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია ცხენების ქირაობა და საცხენოსნო ტურების მოწყობა; ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ტოიოტა საფარი ტურის მოწყობა; ხორნაბუჯის, წმინდა ელიას მთის მოინახულება; ბევრმა არ იცის. იგივე სათაფლიის, პრომეთეს მღვიმეები, ოკაცეს, გოჭკადილის კანიონები ძალიან დიდ ტურისტულ პოტენციალს ატარებს. ამ ტურისტული პროდუქტების მაქსიმალური პრომოციაა ჩვენი მიზანი. იქ სამუშაო ადგილების შექმნა და ტურიზმის განვითარება.
_ბატონო გიორგი, დაცული ტერიტორიების თავმჯდომარესთან, გიორგი შოვნაძესთან, რომელიც სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა, რა ურთიერთობა გაქვთ?
_ გუშინ გავიცანი რომ მოვიდა სამსახურში.
_როგორ ფიქრობთ, მის მოადგილედ რა კრიტერიუმებით შეგარჩიეს?
_როგორც ტურიზმის საქმის სპეციალისტი, ჩემი გამოცდილების პატრონი, რომელსაც შეუძლია, დაცული ტერიტორიების ტურისტული პროდუქტები განავითაროს და სწორ გზაზე დააყენოს.
_ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?
_ხელმძღვანელობისგან.
_გარემოს დაცვის მინისტრს გულისხმობთ?
_მასაც, მათ შორის. არამარტო დაცული ტერიტორიების, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისგანაც მივიღე შემოთავაზება.
_ პირველად რას გააკეთებთ ახალ სამსახურში?
_პირველი, რაც გავაკეთე უკვე, გავეცანი გუნდს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სლაიდებზე გავეცანი ტურისტულ პროდუქტებს, რისი პოტენციალიც დაცულ ტერიტორიებს აქვს. ორშაბათს უკვე მივემგზავრები, ადგილზე უნდა მოვინახულო ადმინისტრაციები. ეს იქნება კოლხეთის ეროვნული პარკი, იმერეთის ადმინისტრაციაში შემავალი ერთეულები: სათაფლიის, პრომეთეს მღვიმეები. შემდეგ აუცილებლად წავალ მტირალაზე. მოვინახულებ სხვა დაცულ ტერიტორიებსაც. შემდეგ დავდებთ მათ პიარსტრატეგიებს. ვითანამშრომლებთ მჭიდროდ ტურისტულ კომპანიებთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. მათ აქვთ საკმაოდ დიდი ბიუჯეტი მარკეტინგისთვის. ერთობლივი ძალებით შეიძლება ტურისტული ნაკადების ზრდა. მთელი გეგმები მაქვს.
_ფინანსური რესურსების მოძიებას როგორ აპირებთ?
_დაცულ ტერიტორიებს სახელმწიფოსგან, დონორი ორგანიზაციებისგან აქვს დაფინანსება. ასევე საკუთარი შემოსავლებიც აქვს. ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი წლისთვის დაგეგმილია მილიონნახევრის ოდენობის შემოსავლების მოზიდვა. ეს იქნება ტურისტების მიერ კონკრეტულ ობიექტებზე გადახდილი თანხა, ასევე კოტეჯების, ცხენების დაქირავებისგან თუ ნებისმიერ სერვისებისგან მიღებული თანხა, რასაც დაცული ტერიტორიების სააგენტო სთავაზობს ტურისტს. 5 მილიონია სახელმწიფოსგან დაფინანსება, აქედან 150 ათასის გამოყენება შეიძლება მარკეტინგულ ღონისძიებებზე. ვფიქრობთ, კერძო სექტორთან თანამშრომლობას და ერთობლივი შემოსავლების მიღებას.
_"ტურიზმის ეროვნული სააგენტოს" ხელმძღვანელი როდესაც იყავით, რა შეხება გქონდათ დაცულ ტერიტორიებთან?
_ ერთობლივი პროექტები განგვიხორციელებია და ახლაც გვექნება თანამშრომლობა.
_თქვენ "კაზანტიპის" ფესტივალის ანაკლიაში ჩატარებას ხელმძღვანელობდით, ეს ფესტივალი, ეკონომიკური მოგების მხრივ, ჩავარდა. . .
_გააჩნია ვისთვის. ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩავარდნა კი არა, ხსნა იყო. ორგანიზატორისთვის იყო ზარალიანი.
_ქვეყანამ რა მოგება მიიღო ამ ფესტივალიდან?
_რასაკვირველია, მიიღო მოგება. 14 ათასი მონაწილე ჰყავდა იმ ფესტივალს და მათ ფული არ დახარჯეს? ის დახარჯული ფული ქვეყნის ბიუჯეტში არ მოხვდა?
_ხომ არ ფიქრობთ, რომ "კაზანტიპის" ფესტივალის ორგანიზატორობის გამო შეგარჩიეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ?
_არამგონია. მარტო ეგ არამგონია, რომ იყოს.