პირველი მსახიობი რომლის ჰონორარმაც მილიონი დოლარი შეადგინა წარმოშობით შოტლანდიელი შონ კონერი აღმოჩნდა. კონერის თავის დროზე მობეზრდა „აგენტი 007“-ის თამაში და მორიგ ფილმში გადაღებაზე სასტიკი უარი განაცხადა. პროდიუსერები არ დაიბნენ და მსახიობს იმ დროისათვის არნახული ანაზღაურება, 1,25 მილიონი დოლარი შესთავაზეს.
სერ შონი შემოთავაზებულ წინადადებას დათანხმდა და 1971 წელს მსოფლიოს კინოგაქირავებაში გამოვიდა „ბონდიანის“ მორიგი სერია, „ბრილიანტები სამუდამოდ“. მსახიობი საკუთარი ისტორიული სამშობლოს მხურვალე პატრიოტი გამოდგა და მთელი ეს თანხა შოტლანდიის საერთაშორისო საგანმანათლებო ფონდში გადარიცხა.
პირველი მსახიობი კი ვისაც 30 მილიონიანი ხელფასი გადაუხადეს, იმ ხანად კალიფორნიის მომავალი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი აღმოჩნდა, რომელსაც „ტერმინატორის“ მესამე ნაწილისათვის, რომელსაც „მანქანების ამბოხება“ ერქვა სწორედ რომ ამ რაოდენობის ჰონორარი გამოუწერეს.
ნამდვილად ვერ გეტყვით რა სახის ანაზღაურება ჰქონდა თავის დროზე ინგლისელ მსახიობს ლოურენს ოლივიეს. გარდა იმისა რომ საკუთარი პროფესიის უბადლო ოსტატი იყო, ეს უკანასკნელი კინოს ისტორიაში იმითაც დამკვიდრდა, რომ აღმოჩნდა პირველი მსახიობი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში ლორდის წოდება მიიღო.
პირველი “მილიონერი” სურათი 1922 წელს, კომპანია “უნივერსალში” გადაიღეს. ეს აღმოჩნდა რეჟისორ ერიხ ფონ შტროჰეიმის “სულელი ცოლები”. ფილმი 1.3 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს თანხა ძირითადად დაიხარჯა მთავარი გადასაღები მოედნის მოწყობაზე. ამ სურათის დიდ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში იმ დროისათვის ყველაზე დიდი სარეკლამო ბანერი მომზადდა, რომელიც ბროდვეისა და 44-ე ქუჩის კუთხეში მოთავსდა.
კინოს ისტორია მრავალ გმირს თუ ანტიგმირს იცნობს. ყველაზე ცნობილი “უიღბლოები” რიჩარდ ბარტონი და პიტერ ო’ტული არიან. ისინი “ოსკარის” მოსაპოვებლად შვიდჯერ იყვნენ ნომინირებულები, მაგრამ შესრულებული როლისათვის ჯილდოს მიღება ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს.
ერთადერთი მსახიობი, ვინც ორჯერ ზედიზედ მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის ეს უმაღლესი პრემია, თანაც ორჯერვე მამაკაცის მთავარი როლისათვის ტომ ჰენქსი აღმოჩნდა. 1993 წელს მას გადაეცა “ოსკარი” ფილმისათვის “ფილადელფია”, ხოლო 1994 წელს უკვე “ ფორესტ გამპისათვის” მიიღო ოქროს ქანდაკება. სხვათა შორის ჰენქსი ერთადერთია კოლეგებს შორის ჰოლივუდში, ვისაც თითოეულ როლში მინიმუმ ოც მილიონ დოლარზე მეტს უხდიან და დღემდე არც ერთ ბოევიკში არ გადაღებულა.