ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ვიგებთ საკადრო ცვლილებების შესახებ. როგორც ცენტრალურ ხელისუფლებაში, ასევე რეგიონის დონეზე. უნდა ველოდოთ თუ არა უახლოეს პერიოდში ახალ პრემიერ-მინისტრს, ამის შესახებ, "გურია ნიუსთან" ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე საუბრობს.
"შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მასშტაბური ცვლილებებია ხელისუფლებაში იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ეს, გათავისუფლებული პირები ღარიბაშვილთან უშუალოდ დაახლოებულები იყვნენ. მაგალითად, ჩხენკელები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებდნენ ეკონომიკური პროფილის სამინისტროებს.
მოხდა იმ ადამიანის ჩამოშორება, რომელზეც იდგა უშუალოდ ღარიბაშვილის ხელისუფლება, ეს ყველაფერი კი საინტერესო დასკვნების საშუალებას გვაძლევს, ფაქტობრივად, ირაკლი ღარიბაშვილი დარჩა თავისი კადრების გარეშე და ლოგიკურად შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რაც თქვენ იკითხეთ, მინისტრთა კაბინეტის შეცვლა, ეკონომიკური ბლოკის მინისტრების ჩამოშორება. ეს ნამდვილად არ მოხდება ირაკლი ღარიბაშვილთან სიახლოვის გამო, ეს მოხდება იმის გამო, რომ ქვეყანაში რეალურად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია.
ის, რაც მოხდა, ღარიბაშვილის საჯაროდ დასჯაა, მაგრამ არსებობს მთავარი კითხვა, თუ კი ის დარჩება მთავრობის პირველ პირად, როგორ უნდა მართოს მან ამის შემდეგ მთავრობა?
ესაა დღესდღეობით მთავარი კითხვა. არ გამიკვირდება, რომ შემდეგი ნაბიჯი პრემიერ-მინისტრის მოხსნა იყოს. ამ მოხსნებით ფაქტიურად თავი გადაიზღვია ბიძინა ივანიშვილმა შესაძლო არა განსაკუთრებული რყევებისგან ხელისუფლებაში, მაგრამ უფრო გართულებებისგან.
_ თქვენ ახსენეთ, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი არ იყოს, თქვენი აზრით, ვინ შეიძლება ღარიბაშვილი შეცვალოს?
_ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა თუ ვიმსჯელებთ დღევანდელი მთავრობის შემადგენლობიდან, პრემიერ-მინისტრის ორი კანდიდატი შესაძლოა იყოს, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით სერგეენკო, რომელზეც ყველაზე მეტად დადის ხმები, რომ შესაძლოა პრემიერი გახდეს და მეორე – კახა კალაძე, რომელიც პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველაზე გაწონასწორებულ განცხადებებს აკეთებდა ბოლო თვეების განმავლობაში.