საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ქართველი ოფიცრების ნაწილი უკრაინის მოქალაქეობას მიიღებენ და ადგილობრივ ჯარში განაგრძობენ სამსახურს.
"ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქართველი ოფიცრები მზად არიან დატოვონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და სამსახური გააგრძელონ სხვა ქვეყანაში, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. შეიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური.
ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც წლების წინ მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ამჟამად, შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არ ირიცხებიან.
ქართველ ოფიცერთა შემადგენლობა ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი ოფიცრები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ არ შეწყვეტენ საკუთარი სამშობლოს, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. ისინი იცავდნენ და ყოველთვის დაიცავენ საქართველოს.
მაშინ, როდესაც თვალნათლივ გამოხატულია თავდაცვის სამინისტროს უცვლელი კურსი ნატო-სკენ, მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი, მაღალი დონის შეხვედრები, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და საზოგადოება. ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მოწოდება არის უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ."