მიმდინარე წლის 5 დეკემბერს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილმა დავით სუჯაშვილი დანიშნა. მანამ სუჯაშვილი, დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც პრემიერის გადაწყვეტილებით 2013 წლის 27 დეკემბერს დაინიშნა.
მიმდინარე წლის 8 დეკემბერს კი, როცა პრემიერი საქართველოს დაზვერვის სამსახურში ახალ სასწავლო ცენტრს ესტუმრა, უკვე კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით სუჯაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილს გასული ათი თვის ანგარიში ჩააბარა და სამომავლოდ დაგეგმილ რეფორმებზეც მოახსენა.
უძღვება თუ არა ორივე სამსახურს – კრიზისების მართვის საბჭოსა და დაზვერვის სამსახურს დავით სუჯაშვილი, „გურია ნიუსმა“ მთავრობის ადმინისტრაციაში გადაამოწმა.
როგორც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი განმარტავს, დავით სუჯაშვილი ორივე სამსახურს ინარჩუნებს, თუმცა თანამდებობრივ სარგოს მხოლოდ დაზვერვის სამსახურიდან იღებს იმდენივეს, რამდენსაც კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნამდე.
"ხელფასს მხოლოდ დაზვერვის სამსახურიდან იღებს. გაეზარდა პასუხისმგებლობა, თუმცა ხელფასი არა."
აღსანიშნავია, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტი, კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის. კრიზისების მართვის საბჭოს დებულებაში წერია, რომ საბჭოს შემადგენლობაში დაზვერვის სამსახურის უფროსი, როგორც საბჭოს წევრი შედის.
დავით სუჯაშვილს, დეკლარაცია 2012 წელს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც მის ანგარიშებზე საერთო ჯამში 32 900 ლარი ირიცხება. გარდა ამისა, ის ფლობს 2004 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომობილ Hyundai Tucson-ს.
დავით სუჯაშვილი ძმასთან, ივანე სუჯაშვილთან ერთად ფლობს 90 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს მუხიანში, 400 კ.მ. მიწის ნაკვეთს სტეფანწმინდაში, ასევე სტეფანწმინდის რაიონში ის ფლობს საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს, რომლის ჯამური მაჩვენებელი 1731 კვ.მ.-ს შეადგენს. გერგეთშივე სუჯაშვილების საკუთრებაშია კიდევ ერთი 112 კვ.მ. ფართობი საცხოვრებელი სახლი.
დავით სუჯაშვილის მეუღლის ეკა ბუნტურის საბანკო ანგარიშებზე კი ჯამში 7000 დოლარია განთავსებული.