დედაქალაქის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისში, დაახლოებით 12 000 ოჯახს დასუფთავების დავალიანება გაუნულდება.
მისივე თქმით, თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, წელს ცხადდება ფაქტობრივად ამნისტია და დასუფთავების გადასახადის დავალიანების მქონე ოჯახებს დავალიანების დასაფარი თანხა ვაუჩერის სახით დაერიცხებათ.
"თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის მოსახლეობას გაუნულდება დასუფთავების დავალიანება. წლების განმავლობაში დაგროვილი დასუფთავების დავალიანება დაახლოებით 12 000 ოჯახს ერიცხება. ჩვენი გადაწყვეტილებით, წლევანდელ წელს ცხადდება ფაქტობრივად ამნისტია. ასეთი კატეგორიის ოჯახებს ვაუჩერის სახით სპეციალურად დაერიცხება აღნიშნული დავალიანების დასაფარი თანხა და აღნიშნული დავალიანება მთლიანად ნულდება. ეს არის დაახლოებით მილიონ ლარზე მეტი", _ განაცხადა ჯაბა სამუშიამ.