რამდენიმე დღეა, რაც გურიას გუბერნატორი არ ჰყავს. გიორგი ჩხაიძემ აღნიშნული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
გურიის გუბერნატორის პოსტზე, რამდენიმე კანდიდატურა სახელდებოდა – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, დავით სიხარულიძე; "ქართული ოცნების" გურიის კოორდინატორი, გოჩა მეგრელიშვილი და გურიის ტყის მართვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ბესიკ ქარჩავა. თუმცა, ჯერჯერობით გურია კვლავ ახალი გუბერნატორის მოლოდინშია.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ქეთი მოისწრაფიშვილი დაინიშნოს. ქეთი მოისწრაფიშვილი ბესიკ ბოლქვაძის მეუღლეა, რომელიც შსს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად რამდენიმე თვეა რაც დაინიშნა, ის რამდენიმე წლის წინ, გურიის კონტრდაზვევრვის სამსახურში მუშაობდა.
ასევე, ჩვენი ინფორმაციით, შესაძლოა მოვალეობა გუბერნიის აპარატის უფროსმა ნინო შეყილაძემ შეასრულოს, თუმცა, „გურია ნიუსთან“ საუბრისას ორივე მათგანი აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ მათთვის არავის უცნობებია.