ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა", საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის მიმართ სასამართლო დავა მოიგო, რითაც სასამართლომ ცალსახად მიუთითა, რომ მურმან დუმბაძის მხრიდან ორგანიზაციის მისამართით გაკეთებული განცხადებები, წარმოადგენდა ცილისწამებას და სასამართლოს დავალებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უნდა მოახდინოს ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გულისხმობს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ორგანიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფას.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც ორგანიზაციას სასამართლოს მხრიდან 22 დეკემბერს ჩაბარდა და გაეცნო, აღნიშნულია შემდეგი გარემოებები:
• მურმან დუმბაძის მიერ 2014 წლის 1 დეკემბერს "ახალგაზრდა ადვოკატების" სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებელი დარჩა განუხილველი;
• მურმან დუმბაძეს დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, გაზეთ "აჭარაში" და აჭარის ტელევიზიაში გამოაქვეყნოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #82 0210014643017) დაკმაყოფილდა ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატების" სარჩელი და დადგინდა, რომ მურმან დუმბაძის მიერ 2014 წლის 19 სექტემბერს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება "დროს" 20:30 სათიან გამოშვებაში და გაზეთ "აჭარის" 2014 წლის 23-24 სექტემბრის #106 (23.916) გამოცემაში ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატების" შესახებ გავრცელებული ცნობები არის ცილისწამება.
• თუ მურმან დუმბაძე არ შეასრულებს აღნიშნულ მოქმედებას დადგენილ ვადაში, ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები" უფლებამოსილია თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება მოპასუხისგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.
"ახალგაზრდა ადვოკატების" თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქმეზე დადგა შედეგი, რომელიც ორგანიზაციის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას აღადგენს. სამართალწარმოების მიზანს, ასევე წარმოადგენდა მსგავსი ტიპის საქმეებზე შექმნილიყო სასამართლო პრაქტიკა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს საკუთარი განცხადებების დროს ყურადღება მიექციათ მესამე სექტორის მიმართ ურთიერთობის პასუხისმგებლობას.
"ახლგაზრდა ადვოკატებსა" და მურმან დუმბაძეს შორის სამართლებრივი დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის მიერ მის მიმართ გაკეთებული სამართლებრივი შეფასების საპასუხოდ, აჭარის ტელევიზიასთან და შემდგომ საგაზეთო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ""ეს "ახალგაზრდა ადვოკატები" არიან დაქირავებულები. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის საქართველოს კონსტიტუცია, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის გამოხატვის თავისუფლება, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის სიტყვის თავისუფლება და უფრო მეტი, წარმოდგენა არ აქვს, რა არის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობები. თუ ეს ხელისუფლება ასეთ დაქირავებულებს განცხადებებს გააკეთებინებს, მაშინ ნიშნავს, რომ ეს ხელისუფლებაც გადაიქცევა იმ ხელისუფლებად, რომელიც ჩვენ გავუშვით". სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ, ორგანიზაციის მიმართ ზემოაღნიშნული განცხადებები, როგორც ცილისწამება, ამჟამად საჯაროდ უნდა უარყოს. სასამართლო დავის პროცესში, მურმან დუმბაძე წარმოდგენილ განცხადებებს "სიტყვისა და გამოხატვის" თავისუფლების შესაძლებლობად განიხილავდა.
ცნობისთვის: "ახლგაზრდა ადვოკატებმა" ვიცე-სპიკერს წერილობით სარჩელის აღძღვრამდე მიმართა და საკუთარი განცხადების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვა, თუმცა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნული მიმართვა უპასუხოდ დატოვა. მურმან დუმბაძემ ორგანიზაციის სარჩელის შესახებ, მაშინ განაცხადა, რომ "მსგავს ორგანიზაციას არ იცნობს". ორგანიზაციის განცხადებით, არ არსებობს სამართლებრივი არგუმენტაცია, რომლითაც, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, მურმან დუმბაძე დავას სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციით წარმატებით დაასრულებს. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მაღალი სამართლებრივი დასაბუთებისაა და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ მართლმსაჯულებამ პარლამენტის ვიცე-სპიკერის შესაგებელი სარჩელი, დასაშვებადაც არ სცნო.
საქმე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ განიხილა.