"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, RMG-მ საყდრისის საბადოს აფეთქება უნებართვოდ განახორციელა.
ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი გიგლა აგულაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.
"კერძოდ, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წერილში, რომელიც CENN-მა 2014 წლის 19 დეკემბერს მიიღო, აღნიშნულია: "სააგენტოს მიერ საყდრისის საბადოს #1 უბანზე სამშენებლო ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა არ გაცემულა".
სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისის საბადოს პირველ უბანზე განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოები უკანონოა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას ექვემდებარება.
ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით, აღნიშნული სამართალდარევა ექვემდებარება ადმინისტრაციულ სასჯელს, რომელიც დამრღვევს არ ათავისუფლებს დარღვევის გამოსწორებისა და დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მძიმე შედეგის დადგომის შემთხვევაში, სამართალდარღვევა კვალიფიცირდება სისხლის სამართლის დანაშაულად. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლის მიხედვით, ფეთქებადი მასალების გამოყენების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით.
სამთომომპოვებელ საწარმოებში ბურღვა-აფეთქების სამუშაოებისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობების კონტროლს ახორციელებს სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია.
საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, ინსპექციამ, დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, უნდა გასცეს ობიექტის ან მისი ცალკეული უბნის მუშაობის გაჩერების მოთხოვნის მიწერილობა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა გადასცეს და მისი შესრულება სთხოვოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.
ინსპექცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, პასუხისმგებელ პირთა მიმართ ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს და დადგენილი წესით აღასრულებს მას, საჭიროების შემთხვევაში კი, მასალებს გადასცემს საგამოძიებო ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისათვის"._ წერს აგულაშვილი