ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი უკვე დასრულდა. საკონკურსო/საატესტაციო კომისიის სხდომა, სადაც თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურებს კენჭი უყარეს, რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა.
როგორც გავარკვიეთ კონკურსის შედეგად გასული ადამიანების უმრავლესობა ძველი სახეებია, თუმცა, არიან ახლებიც.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, საფინანსო სამსახურში იგივე კადრები დარჩა და მხოლოდ ერთი ახალი სახე დაემატა. უცვლელი დარჩა შესყიდვების განყოფილების თანამშრომლებიც. ჩვენი ინფორმაციით ცვლილებებია სოციალურ სამსახურში. როგორც გვითხრეს აქ რამდენიმე ახალი კადრი შეირჩა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, სამი ადგილი ვაკანტური დარჩა. სოფელ სურებში და დიდივანში გამგებლის წარმომადგენელი ვერ აარჩიეს. სურების შემთხვევაში სამმა კანდიდატმა ვერ გაირა ტესტირება, დიდივანის შემთხვევაში კი გასაუბრებაზე არ მივიდა არავინ.
თავისუფალი დარჩა საკრებულოს ვებგვერდის ადმინისტრირების სპეციალისტის თანამდებობაც.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრები კომენტარებს არ აკეთებენ.
_ ჩვენ ვმუშაობთ კანონის ფარგლებში. ინფორმაციებს ვერც ვუარყოფთ და ვერც დაგიდასტურებთ. პირველ რიგში კონკურსანტებს შევატყობინებთ შედეგებს და შემდეგ მოხდება გასაჯაროება, _ გვითხრეს კომისიის წევრებმა.