შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო 1990 წელს დაბადებული გიორგი კ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1999 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. მუცლის არეში, ხოლო 1998 წელს დაბადებული გიორგი კ. ფეხის არეში ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბ. და გიორგი კ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება გიორგი ბ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ხოლო გიორგი კ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე და 120-ე მუხლებით).