" არ მაქვს იმის განცდა, რომ ოზურგეთელი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის რამენაირად საინტერესო იყოს ის თემა, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ, თუმცა, დარჩა ძალზე მცირე ნაწილი, ვისაც არა უბრალოდ სასეიროდ, საჭორაოდ, ენის მოსაფხანად, არამედ, როგორც გულშემატკივარსა და კეთილისმსურველს აინტერესებს თუ რატომ მივიღე გადაწყვეტილება სამსახურიდან წამოსვლის შესახებ, მით უმეტეს, მაშინ, როცა კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე სულ რაღაც სამი თუ ოთხი დღეღა იყო დარჩენილი?!" _ ასე იწყებს განმარტების გაკეთებას ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, იზა დარჩია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით რამდენიმე დღის წინ დატოვა:
_ პირველ ყოვლისა, გულწრფელად გითხრათ, ვარ ძალიან კმაყოფილი ჩემი გადაწყვეტილებით, უბრალოდ, ვფიქრობ, დავიგვიანე… გამომდინარე ჩემი ამჟამინდელი მდომარეობიდან, არც ერთი წუთით არ მქონია გულდაწყვეტილობის გრძნობა. მსხვერპლად ნუ მიმიჩნევთ, სიბრალული და თანაგრძნობა მათ გამოუცხადეთ, ვისაც ნამდვილად სჭირდება, ნურც ერთ ადამიანს, ვინც თქვენგან რაიმე სახით მხარდაჭერასა და დახმარებას მოითხოვს, ნუ დატოვებთ უყურადღებოდ, ბოლომდე დაიხარჯეთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში, არ ჩათვალოთ დიდაქტიკურ მოწოდებად ეს სიტყვები, კარგად ვიცი, ჭკუის მასწავლებლად რომ ვერ გამოვდგები, არც რჩევა-დარიგებას ვაძლევ ვინმეს, უბრალოდ, ჩემი განწყობაა და სხვა არაფერი.
შვიდი წელია, საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობების მიმართულებით ვმუშაობ. დაინტერესებულ პირს შეუძლია ორივე კუთხით მოიკითხოს რამდენად კარგად თუ ცუდად ვართმევდი თავს დაკისრებულ მოვალეობებს, როგორი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი საქმეს და ზოგადად, ვინ ვარ?
ერთნაირი დინებით როდი მიდის ცხოვრება. ყოველთვის როდი გვეუფლება ერთმანეთით აღტაცებისა და აღფრთოვანების გრძნობა და მით უფროა ურთიერთობები, მით უმეტეს სამსახურეობრივი, სწორი, როცა უფროს-უმცროსობის ჩარჩოს ირგებს და გარკვეულ ბარიერს აწესებს, თუმცა, ჩარჩოცაა და ჩარჩოც, რკინის გისოსებს არ უნდა დაემსგავსოს, სადაც ვიღაცის რუპორად და მეხოტბედ უნდა იქცე… ვიზიარებ აზრს, რომ კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული თამაშის წესებს კონკრეტული პირველი პირი აწესებს, არ მოგწონს, ნახვამდის…
არ დავმალავ, პირიქით, ხმამაღლა ვაღიარებ, თუკი, ჩემი თანამდებობრივი პოზიცია ითვალისწინებდა იმ ’’ ხელჩართულ ომში’’ მონაწილეობას, რომელიც ბოლო პერიოდში მასმედიის გარკვეულ ნაწილსა და ქალაქის მერს შორის მიმდინარეობდა, არ ვყოფილვარ ღირსი თანამდებობაზე ყოფნისა, რადგან არც ერთი სიტყვა არ შემიწევია არც ერთი მხარის სასარგებლოდ და პირიქით;
ასევე, ვერც ‘’პოსტაობა’’ მოვირგე და გავიხადე ჩემი საქმიანობის მიმართულებად და ვერც დამკომენტარებელთა რიგებში ჩავეწერე, ვერ შევუერთდი ტაშისმკვრელთა ზეპურ საზოგადოებას…
ჩემი გაგებით, პიარი არის არა ის, ომი აჩაღო, გადაიკიდო, მტრად და ჩასაფრებულ მხარედ აქციო შენი დამქირავებლის წინააღმდეგ ვინმე, პირიქით, კეთილგანწობითა და პატივისცემით განაწყო მის მიმართ საზოგადოება,შეეცადო, რაც უნდა მტყუანი იყოს მეორე მხარე, მაინც შენ დაიხიო უკან და დათმო,საჭიროების შემთხვევაში, ბოდიშიც მოიხადო რადგან შენ, როგორც ქალაქის თავის წარმომადგენელს, სხვებზე მეტი მოგეთხოვება…როგორც წესი, პიარი ‘’თეთრის“ ჩვენებაა, სუბიექტის ჯანსაღი მხრიდან დანახვება საზოგადოებისათვის.
დასასრულს, ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩემს ტელეფონზე ინტენსიურად ხორციელდებოდა ‘’გამაფრთხილებელი’’ ზარები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნები ჰქონდათ ჩემთან მიმართებაში ხელმძღვანელ პირებს და ვინ მოიაზრებოდა ჩემს ადგილზე, რაც არ უნდა ყოფილიყო რეალობას მოკლებული, იმის გათვალისწინებით, რომ პიროვნება, რომელიც დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყფილების უფროსად მოგვევლინა, დიდი ხანია სწორედ, თანამშრომლის ჩვეული რეჟიმით დადიოდა ყოველდღე ‘’სამსახურში’’და სხვადასხვა ღონისძიებებსაც კი ახორციელებდა აღნიშნული სამსახურის სახელით…
თუმცა, ადამიანის ჰუმანურ ბუნებას რა ვუთხარი, ჩემი სამსახურიდან გაშვება კი არ ჰქონია ვინმეს გეგმაში, უბრალოდ, ადგილს შემინაცვლებდნენ, თურმე, ყველა ეჭვი კი თავად გასაუბრებაზე გახდა ნათელი – განწყობა, რომელიც კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ჩემი მისამართით მოდიოდა მთელ პრეისტორიას უსვამდა წერტილს.
ჰოდა, წამოვედი…
P.S. წამოსვლის მიზეზი არავის უკითხავს, შეშფოთების მიზეზი ერთ-ერთი გაზეთის ვებ.გვერდზე გამოქვეყნებული მასალა გახლდათ ჩემს წამოსვლასთან დაკავშირებით,საინტერესოა, ის მაინც როგორ მოუვიდა თავში ვისაც მოუვიდა, რომ თითქოს ამ ყველაფრის უკან მე ვიდექი. რა ცუდია ასე რომ აფასებთ ადამიანებს და ასე ‘’კარგად’’ რომ შეგიძლიათ მათი ცნობა – მე იზუკა დარჩია ვარ!!!
ეს არის პირველი და უკანასკნელი წერილი- პასუხი, სხვას ვერ მოისმენთ და წაიკითხავთ.., _ წერს დარჩია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება "გურია ნიუსს" მოგვიანებით დაპირდნენ, რომელსაც მიღებისთანავე გაგაცნობთ.