ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გასული კვირის ბოლოს დასრულდა.
კონკურსის შედეგად გასული ადამიანების უმრავლესობა ძველი სახეებია, თუმცა, არიან ახლებიც.
კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ხმაური უკვე მოჰყვა.
ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატების _ ვასილ ჩიგოგიძის და კორნელ კუკულავას ბიუროს ყოფილი უფროსი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ლია ჩიგოგიძე ამბობს, რომ კომისია არაობიექტური იყო:
_ საკონკურსო კომისიის წევრი თეა უჯმაჯურიძე კონკურსის დამთავრებიდან რამდენიმე წუთში თავის დაქალებს ურეკავდა და ატყობინებდა დაინიშნეთო. რატომღაც მე არ ჩამთვალეს ღირსად პასუხი მაინც ეთქვათ. მოგვიანებით, დავურეკე უჯმაჯურიძეს და ასე გავარკვიე, რომ არსად დამნიშნეს. იმ ადგილზე, სადაც მე მქონდა განაცხადი გაკეთებული, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მეზობელი, ზურაბ კოტრიკაძე დანიშნეს, რომელიც სამი დღით ადრე, ჯერ კიდევ კონკურსის დანიშვნამდე ზეიმობდა ახალ თანამდებობას, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ჩიგოგიძე, მისი თქმით, კონკურსის დასრულებამდე ერთი დღით ადრე დაურეკა გამგებელს:
_ დავურეკე ირაკლი კუჭავას და ვუთხარი ვინ სად ინიშნებოდა. წინასწარ იყო ყველაფერი გადაწყვეტილი, _ გვითხრა ჩიგოგიძემ.
მისივე თქმით აღნიშნულ ვაკანსიაზე მას რეალური კონკურენტი არ ყავდა და კოტრიკაძე ნაცნობობით დაინიშნა:
_ იმ ვაკანსიაზე, რომელზეც არ მყავდა რეალური კონკურენტი, გამოუშვეს გორას გამგებელი ზურაბ კოტრიკაძე. აქ ქულათა რაოდენობას მნიშვნელობა არ ქონდა იმიტომ, რომ 33 ქულა უკვე ყველასთვის ზღვრულია, _ დასძინა ჩიგოგიძემ, რომელიც საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლას აპირებს:
_ გადავწყვიტე წავიდე პარლამენტის წინ და ჩემს შვილებთან ერთად ვიშიმშილო. ვინაიდან ჩემი ქმარი მეორე ჯგუფის ინვალიდია, წავიღებ ინვალიდის ჯოხს, _ გვითხრა ჩიგოგიძემ.
ჩიგოგიძის ბრალდებებს ოფიციალური წერილით უპასუხა საკონკურსო/საატესტაციო კომისიამ:
_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსი ჩატარდა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით. კონკურსის ყველა ძირითადი პრინციპი: სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინაციულობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალურობა, კორექტულობა დაცული იქნა კომისიის მუშაობისას. გასაუბრების მიმდინარეობას ესწრებოდნენ დამკვირვებლის სტატუსით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან წარმომადგენლები. მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია.
ყველა კონკურსანტი აბსოლუტურად თანაბარ პირობებში იმყოფებოდა, თანაბარი სირთულის შეკითხვებით მოხდა მათი პროფესიული უნარების შემოწმება ისევე, როგორც მათი ზოგადი უნარ-ჩვევების გამოვლენა. კონკურსანტებს საშუალება მიეცათ მაქსიმალურად გამოევლინათ საკუთარი შესაძლებლობები.
დღეის მდგომარეობით, ყველა კონკურსანტს კონკურსის საბოლოო შედეგები უკვე ეცნობა, როგორც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე წერილობით, რომელშიც მითითებულია გასაჩივრების წესი და ვადა. კომისია კიდევ ერთხელ განუმარტავს კონკურსში მონაწილე ყველა პირს, რომ კონკურსის შედეგების გამო სამართლებრივი ხასიათის დავა შეუძლიათ საპრეტენზიო კომისიაში და სასამართლოში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გაასაჩივრონ.
კომისია თავს ვალდებულად თვლის განმარტება მისცეს, როგორც კონკურსანტებს, ასევე, საზოგადოებას. ვინაიდან კომისიის მუშაობა ხშირ შემთხვევაში გართულებული იყო იმის გამო, რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა კარგსა და საუკეთესო კონკურსანტებს შორის, ჩვენთვის გასაგებია იმ კონკურსანტთა გულისწყრომა, რომლებიც არ იქნენ შერჩეულნი კონკურსის შედეგად და გამოხატავენ უკმაყოფილებას.
კომისია სრულ პასუხისმგებლობას იღებს მის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილების სამართლიანობაზე, _ აღნიშნულია კომისიის მიერ "გურია ნიუსისთვის" მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.
კომისიის გადაწყვეტილების გაპროტესტებას აპირებს სოციალური სამსახურის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი თემურ ბენდელიანი.
ჩვენი ინფორმაციით, ბენდელიანს, რომელმაც ტესტირების შედეგად 42 ქულა დააგროვა, კომისიის 5 წევრიდან ხმა არცერთმა არ მისცა.
_ ეს ყველაფერი ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და კომისიის თავმჯდომარე მინდია ჟღერიამ გააკეთეს. მათ არ უნდოდათ, რომ მემუშავა. ჩემნაირი პატიოსანი ადამიანი არ სჭირდებათ სამსახურში, მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ. ერთ დღეს ვაძლევ და შემდეგ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად სამართლებრივად ვიბრძოლებ, _ გვითხრა ბენდელიანმა, რომელსაც თანამდებობაზე არარჩევის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა:
_ ახლა სახლში ვარ და ვწევარ. იმედია, გართულებები არ მექნება. თუმცა, რთულია ასეთ უსამართლობას და მიზანმიმართულ ქმედებებს ემოციის გარეშე შეხვდე, _ გვითხრა ბენდელიანმა.
თემურ ბენდელიანის მეუღლის, ნათია ანდღულაძის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მეუღლე პირადი შეხედულებების გამო გაათავისუფლა:
_ არ უნდოდათ თემურისნაირი ადამიანი სამსახურში. 62 წლის კაცმა 42 ქულა აიღო ტესტირებაზე. ეს ყველაფერი თავისი ცოდნით და ნიჭით მოახერხა და რატომღაც გასაუბრებაზე ჩაიჭრა. მაგ შენობაში ძმა მომიკლეს (ნათია ანდღულაძის ძმა, ბონდო ანდღულაძე 2008 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი და ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე იყო. ე.წ. ბახმაროს სკანდალის აგორებებიდან რამდენიმე დღეში, ბონდო ანდღულაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. ავტ). ახლა ვატყობ, რომ ოჯახის მეორე წევრსაც მიკლავენ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. სტუდენტი შვილები მყავს, ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა. იმის გამო, რომ ვიღაცეებს ჩემი ქმარი არ ესიმპათიურებოდათ, სწავლა უნდა შევაწყვეტინო. ჩემი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ ჩემი მწირი ხელფასია, რომელიც წამლის ფულად არ მყოფნის. ჩემი მეუღლის ჯანმრთელობა საკმაოდ მძიმეა. ცოტა ხნის წინ სტენდირება გაუკეთდა გულზე. სასწრაფოსაც ხშირად ვიძახებთ. ეს მარტივი გადასამოწმებელია. ამ ქმედებით, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ოჯახის კიდევ ერი წევრი მეღუპება და მე ვერაფერს ვაკეთებ, _ გვითხრა ანდღულაძემ.
_ ირაკლი კუჭავა არ ერეოდა არა თუ კომისიის მუშაობაში, მთლიანად გაემიჯნა ამ პროცესს. ეს იცის ყველამ, ვისაც ამის დანახვა უნდა. რაც შეეხება ბატონ თემურ ბენდელიანს, ამ დილით, ჩემი ინიციატივით შევხვდი მასაც და მის მეუღლესაც. ვუთხარი, რომ ისევ გამოცხადდება ვაკანსიები, მანამდე კი, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, დავეხმარებოდი. ქალბატონმა ნათიამ მადლობაც კი გადამიხადა ასეთი დამოკიდებულებისათვის. ეს არის სიმართლე, _ აღნიშნა"გურია ნიუსთან" საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მინდია ჟღერია ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში არავინ ჩარეულა:
_ კომისიამ იმუშავა კანონის ფარგლებში. ბატონი თემურის პასუხებმა ვერ დააკმაყოფილა კომისია და ამიტომ შეირჩა სხვა კანდიდატი, რომელიც ახალი სახეა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პირადი ინტერესი არავის, არავის მიმართ არ ჰქონია, _ აღნიშნა ჟღერიამ.
ჩოხატაურში გასაუბრების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ კომისია გასაუბრების დროს ნამდვილად ობიექტური იყო:
_ იურისტთა ასოციაცია აკვირდებოდა გასაუბრების პროცესს. დაკვირვების შედეგად, შემიძლია გითხრათ, რომ გასაუბრება ყველა კონკურსანტის მიმართ იყო სამართლებრივად გამართული და რაც მთავარია, არანაირი დისკრიმინაცია არ იყო. ყველა კონკურსანტი თანაბარ პირობებში იყო. ნამდვილად არ გამჩენია იმის განცდა, რომ რომელიმე კანდიდატი პრივილეგირებული ან განსაკუთრებულად დაწუნებული იყო. რასაც ვამბობ, ეს არის გასაუბრების დაკვირვების შედეგი. გადაწყვეტილების მიღების პროცესს ჩვენ არ დავსწრებივართ, რადგან კომისიამ ამის უფლება არ მოგვცა.
_ ბატონო თამაზ ორი კონკურსანტი _ ლია ჩიგოგიძე და თემურ ბენდელიანი ამბობს, რომ კომისია მათ მიმართ სამართლიანი არ იყო. ჩიგოგიძე დასძენს, რომ კითხვებს კომისიის წევრი თეა უჯმაჯურიძე უსვამდა და არა კომისიის თავმჯდომარე. გახსოვთ ეს კონკურსანტები?
_ კონკრეტულად ვინმეს არ დავკვირვებივარ. ზოგადად პროცესს ვაკვირდებოდი. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ არ მომხდარიყო არავის დისკრიმინაცია და ყველა თანაბარ პირობებში ყოფილიყო. ეს კი ნამდვილად ასე მოხდა. განსხვავებული მიდგომა არავის მიმართ არ ყოფილა. ანუ, განსხვავებული შეკითხვა არავისთვის დაუსვამთ. პირიქით, კომისიის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალურად ცდილობდნენ არ დაეძაბათ კონკურსანტები. თავიდან არ დაესვათ პროფესიული შეკითხვები. რაც შეეხება შეკითხვების დასმას _ კომისიის თავმჯდომარე, მინდია ჟღერია ახლა გავიცანი და ძალიან კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. ზოგადად შეიძლება ის არ აქტიურობდა შეკითხვების დასმით ყველა კონკურსანტის მიმართ, მაგრამ ეს მისი პრეროგატივა იყო, რაც შეეხება უჯმაჯურიძეს, არამარტო ჩიგოგიძის შემთხვევაში, ქალბატონი თეა ყველა კონკურსანტთან სვამდა შეკითხვებს მისი პროფესიიდან გამომდინარე. განცდა იმისა, რომ ვინმეს შეგნებულად _ ჩასაჭრელად ან პირიქით, ეკითხებოდნენ, არ გამჩენია. იგივე შემიძლია ვთქვა კომისიის დანარჩენ წევრებზეც. ისევ გავიმეორებ, რომ ყველა კონკურსანტი თანაბარ პირობებში იყო გასაუბრების დროს. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს, როგორც აღვნიშნე ჩვენ დასწრების საშუალება არ გვქონდა და შესაბამისად, ვერაფერს ვიტყვი.
თამაზ ტრაპაიძის თქმით, გურიის მუნიციპალიტეტებს შორის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკონკურსო/საატესტაციო კომისია ერთადერთია, რომელმაც საია-ს გასაუბრებაზე დასწრების უფლება მისცა:
_ არც ქალაქ ოზურგეთში, არც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, არც ლანჩხუთის გამგეობისა და საკრებულოს კომისიებში დასწრების უფლება არ მოგვცეს განსხვავებით ჩოხატაურისგან, _ დასძინა ტრაპაიძემ.
როგორც კომისიაში ამბობენ, კონკურსანტებს შედეგების გასაჩივრების საშუალება საპრეტენზიო კომისიაში აქვთ, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობს. ზაალ მამალაძის თქმით, ამ ეტაპზე საპრეტენზიო კომისიისთვის განცხადებით არავის მიუმართავს.
"გურია ნიუსი" გთავაზობთ გამარჯვებული კანდიდატების სრულ, ოფიციალურ სიას:
ადმინისტრაციული სამსახური: გამგებლის თანაშემწე _ იამზე ვაჩეიშვილი; წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში _ ტერეზა ბაიაჯანი; წამყვანი სპეციალისტი მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების საკითხებში _ ანა გიორგაძე, ლელა ნინიძე, სოფიკო ჩხიკვაძე;
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი _ შალვა მეგრელიშვილი; იურიდიული განყოფილების უფროსი _ ბექა შენგელია; წამყვანი სპეციალისტი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისა და ექსპერტიზის საკითხებში _ ნინო ვაჩეიშვილი; ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი _ ზურაბ კოტრიკაძე; წამყვანი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში _ ლია ხუნდაძე;
საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური: საბიუჯეტო განყოფილების უფროსი _ მაია გოგოლაძე; წამყვანი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის საკითხებში _ შორენა კაჭარავა; ზაზა ოსეფაიშვილი; ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი _ ზურაბ შათირიშვილი; წამყვანი სპეციალისტი ბანკთან ურთიერთობის და სახაზინო მომსახურების საკითხებში _ ნანა ცინცაძე; წამყვანი სპეციალისტი ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების საკითხებში _ ლუბა ჯანბერიძე; წამყვანი სპეციალისტი სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის საკითხებში _ ნინო გიორგაძე; მუნიციპალური შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ვლადიმერ გოგიბერიძე; წამყვანი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ – ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში _ ლალი თავაძე;
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური: წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის საკითხებში _ გიორგი ბერძენიშვილი, გიორგი შენგელია; სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების უფროსი _ ნინო სიხარულიძე; წამყვანი სპეციალისტი ურბანული დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში _ გოგი ბოლქვაძე; წამყვანი სპეციალისტი მშენებლობის საკითხებში _ მერაბ ბერძენიშვილი.
მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური: ქონების მართვის და პრივატიზების განყოფილების უფროსი _ ლელა მდინარაძე; წამყვანი სპეციალისტი მიწის მართვის საკითხებში _ გიორგი სიმონია; წამყვანი სპეციალისტი ქონების მართვის საკითხებში _ ვალერი ყაჭეიშვილი; ზედამხედველობის განყოფილების უფროსი _ ზაზა სიხარულიძე; წამყვანი სპეციალისტი გარემოს დაცვისა და მშენებლობის საკითხებში _ ტარიელ ბერაძე.
სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახური: კულტურის განყოფილების უფროსი _ გოდერძი გათაშვილი; წამყვანი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და კურორტების საკითხებში _ ანა შარაშენიძე; წამყვანი სპეციალისტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში _ მამუკა სანიკიძე; სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი _ ივანე ცინცაძე; წამყვანი სპეციალისტი შრომის, სოციალურ, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების საკითხებში _ ნინო კაპანაძე; წამყვანი სპეციალისტი ჯანდაცვისა და ვეტერანთა მომსახურების საკითხებში _ თინათინ მგალობლიშვილი.
შიდა აუდიტის სამსახური: წამყვანი სპეციალისტი მონიტორინგისა და შიდა კონტროლის საკითხებში _ ლევან ჩხიკვაძე; წამყვანი სპეციალისტი ინსპექტირებისა და შიდა ფინანსური აუდიტის საკითხებში _ მაია პაიჭაძე.
საინვესტიციო გარემოს განვითარებისა და ანალიტიკური სამსახური: წამყვანი სპეციალისტი საინვესტიციო ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელებისა და ანალიზის საკითხებში _ პაატა ბერიშვილი; ანალიტიკური განყოფილების უფროსი _ ზაზა ბერძენიშვილი.
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური: წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების უფროსი _ გურამ ყაჭეიშვილი; წამყვანი სპეციალისტი პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის საკითხებში _ ლევან ცინცაძე; წამყვანი სპეციალისტი მიწერისა და კორესპონდენციებზე მუშაობის საკითხებში _ ლელა სიხარულიძე; რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსი _ მალხაზ ოსეფაშვილი; წამყვანი სპეციალისტი რეზერვის სერჟანტების, მიჩმანების და რიგითების აღრიცხვის საკითხებში _ ნანა სიხარულიძე.
გამგებლის წარმომადგენელი: ამაღლება _ ვიტალი დოლიძე; შუა ამაღლება _ ბელა შათირიშვილი; ფარცხმა _ ზურაბ გურგენიძე; გოგოლესუბანი _ ზურაბ რამიშვილი; გორაბერეჟოული _ გურამ ტყეშელიაძე; ხევი _ ზურაბ ვაჩეიშვილი; შუა სურები _ შორენა ტრაპაიძე; ნაბეღლავი _ ჭაბუკა კვაჭანტირაძე; ბუკისციხე _ გელა ეზიეშვილი; დაბა _ გოჩა ჯინჭარაძე; ზომლეთი _ ამირან ხაჯიბეგოვი; ზოტი _ რაულ კონცელიძე; დაბლაციხე _ გიორგი ოსეფაიშვილი; ერკეთი _ კარლო თედორაძე; ხიდისთავი _ დავით ვასაძე; ქვენობანი _ დავით კვაჭანტირაძე; ჯვარცხმა _ ავთანდილ შარაშენიძე; ზემოხეთი _ ოლეგ კაკურია; საჭამიასერი _ ელიზა ზაქარეიშვილი; კოხნარი _ გელა ვაჩეიშვილი; გუთური _ გიორგი პაიჭაძე.
სოფელ დიდივანში და ზემო სურებში გამგებლის წარმომადგენლის ადგილები ვაკანტური დარჩა.
რაც შეეხება საკრებულოს _ საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე _ მიხეილ უნგიაძე; მთავარი სპეციალისტი – იურისტი ედიშერ ჯიბუტი; საორგანიზაციო, საკადრო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი _ ჟანა სიხარულიძე; წამყვანი სპეციალისტი კომპიუტერული უზრუნველყოფის, საკადრო-საორგანიზაციო და ელექტრონული მომსახურების საკითხებში _ ლიკა ძნელაძე; მომსახურების განყოფილების უფროსი _ ლალი თოდრია; წამყვანი სპეციალისტი საოქმო და სამდივნო მომსახურების საკითხებში _ ნათია ცინცაძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წამყვანი სპეციალისტის ადგილი ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, ვებ გვერდის მომსახურების საკითხებში ვაკანტური დარჩა.