"გურია ნიუსის" ინფორმაციით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემოხეთში, ყოფილი რწმუნებულის მომხრეებსა და მოქმედ რწმუნებულს შორის დაპირისპირება მოხდა.
კონკურსის შედეგად გუშინ დანიშნულ ოლეგ კაკულიას წინააღმდეგ რამდენიმე ადამიანი გამოდის.
თვითმხილველების თქმით, ისინი ამ დილით კაკულიასთან კაბინეტში მივიდნენ და გადადგომა მოსთხოვეს.
ჩვენი წყაროს თქმით, დაპირისპირება დიდ ხანს გაგრძელდა და „შეხლაშემოხლასაც“ ჰქონდა ადგილი.
"გურია ნიუსმა" ოლეგ კაკულიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა, მას ტელეფონი გამორთული აქვს. ყოფილი რწმუნებული სერგო კოტრიკაძე კი ამბობს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
_ სოფელში არ ვიმყოფები. თუმცა, როგორც ვიცი, ბიჭები იყვნენ ოლეგთან მისული და დაელაპარაკნენ.
_ როგორც გვითხრეს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი. ამას ნიშნავს დალაპარაკება?
_ მასეთი რამ არ მომხდარა, მე ყველას ვესაუბრე. მხოლოდ ჩვეულებრივი დალაპარაკება იყო. მეტი არაფერი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, ოლეგ კაკულია უალტერნატივო კანდიდატურა იყო.
"ოლეგმა წარმატებით გაიარა ტესტირება, გასაუბრების ეტაპი და შესაბამისად დაინიშნა ჩემს წარმომადგენლად სოფელ ზემოხეთში. მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოვქცეულიყავი , ანუ კანონის შესაბამისად", _ აღნიშნული კომენტარით შემოიფარგლა ჩოხატაურის გამგებელი.