დასანანი მარცხი განიცადა ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ". ქართველი ცენტრის გუნდმა შინ 2 ქულით წააგო "იუტა ჯაზთან". ფაჩულიამ ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა შანსი ჰქონდა, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მატჩის ბოლო წამზე, სირენის თანხლებით დამატებული ბურთი კალათში არ ჩაეშვა და საბოლოო შედეგი – 99:101 დაფიქსირდა.
ყველაფერი შემდეგნაირად მოხდა: 2 ქულით ჩამორჩენილი „მილუოკი" ბოლო შეტევაზე გადავიდა და საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გამთანაბრებელი ორქულიანი ბრენდონ ნაითმა საჯარიმო ხაზის ცოტა ზემოდან ესროლა. ორქულიანი მიზანს ასცდა და ფაქტობრივად ყველაფერი დასრულდა, თუმცა ასხლეტილ ბურთს ფარიდან დაახლოებით 2 მეტრში ფაჩულიას ხელი მისწვდა და რაკი მისი დაჭერის დრო აღარ იყო, ერთი შეხებით ფარისკენ მიაბრუნა. ბურთი რკალს მოხვდა, ზემოთ ავარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კალათში არ ჩაეშვა.
ფაჩულია მილუოკელთაგან ერთადერთი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. ზაზამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე ყველა თანაგუნდელზე მეტ ხანს – 31 წუთი გაჩერდა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად მან 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.
საინტერესოა, რომ ფაჩულიამ მეტოქის ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა და ეს მისი ამ სეზონის რეკორდია. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ზაზას კარიერის რეკორდი მთლიან მოხსნებში სწორედ „იუტასთან" დაფიქსირდა 2012 წლის 25 მარტს, როცა ქართველმა ცენტრმა 20 მოხსნა დააგროვა.
„მილუოკიმ" წარმატებული სერიის შემდეგ ზედიზედ 2 მარცხი განიცადა და 20-20 მოგებ-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. მე-5-ზე მყოფ „კლივლენდს" 23 მოგება და 20 წაგება აქვს. მომდევნო მატჩს „მილუოკი" 24 იანვარს, შინ „დეტროიტთან" გამართავს.
www.gbf.ge