შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული ხვიჩა რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მას სოფელ სურების ტერიტორიაზე მდებარე ტყეში დამალული იარაღი საკუთარი ავტომანქანით, ამავე სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაჰქონდა.
დაკავებულის ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულია „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 36 საბრძოლო ვაზნით. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).