"გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმში "პარალელური რეპორტაჟი კორტებიდან _ კრიმინალები თუ შვილები“ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე ჩანს.
კადრებში, რომელიც სპეცოპერაციის ადგილზეა გადაღებული, კარგად ჩანს ირაკლი ქადაგიძესთან ერთად მდგარი გიორგი მდინარაძე (ვიდეო იხილეთ 16.49 წუთიდან).
ფილმის დასასრულს გურიის მთავარი, მოქმედი პოლიციელი მდინარაძე ახალ ამპლუაში გვევლინება _ იგი სპეცოპერაციას გადარჩენილი ბუბა ფუთურიძის პალატას იცავს (ვიდეო იხილეთ 31.17 წუთიდან).
მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა, მდინარაძემ, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრად ითვლება, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ზარზე არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვიპასუხეს.
უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს სოციალურ ქსელშიც მივწერეთ. ამავე გზით მდინარაძესაც დავუკავშირდით, თუმცა, ამ დრომდე არცერთი მათგანი არ გამოგვხმაურებია.
თუკი მდინარაძეს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდება, "გურია ნიუსი“ მას აუცილებლად გამოაქვეყნებს