ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ორგანიზაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების _ ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს.
_ "არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ. მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებებზე _ ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე.
ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე.
ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს.
თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს.
არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა", _ განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ივანიშვილის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია:
_ "ახლა გავიგე, რომ სახელმწიფოზე მაღლა ვდგევარ და ის ეკა, მგონი, ჩემთან რეკავდა, ცინარიძესთან კი არა", _ წერს ლომჯარია და დასძენს _ "უცებ წარმოვიდგინე როგორ მომდის მოსაწვევი ორგანიზაცია "მოქალაქისგან" ჩემი პიროვნების კვლევის პრეზენტაციაზე. რა ვქნა, გავიცინო თუ არა?"
ყოფილი პრემიერის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა კახა კოჟორიძეც:
_ "ბრიუსელში ვარ. აქ უფრო მძაფრდება ფიქრი იმაზე, რომ საქართველოს დღეს აქვს შანსი, რაზეც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში უშედეგოდ ოცნებობდნენ, ევროპული შანსი!..
შევდივარ IPN-ზე, ვკითხულობ: "ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაცია ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის საქმიანობასთან დაკავშირებით კვლევაზე მუშაობს“. ტექსტში დაზუსტებაა, რომ კვლევა პიროვნებებზე იქნება… მომინდა რაღაცის დაწერა. გამახსენდა, რომ სახელმწიფო სამსახურში ვარ, ხოლო ბატონი ბიძინა არასამთავრობო ორგანიზაციაში. იქვე ისიც გამახსენდა, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან არასამთავრობოების კრიტიკა ტაბუდადებული არ არის, მაგრამ მაინც თავის შეკავება გადავწყვიტე.
გავაგრძელე კითხვა. ბატონი ბიძინა საუბრობს ევროპული ტიპის საზოგადოებაზე, რომ ,"დღეის გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ დღეს“ და რომ იდგება იქ სადაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ფასეული საქმის გაკეთება შეეძლება… შეიძლება ვინმემ სარკაზმად ჩამითვალოს, მაგრამ მაინც ვიტყვი: მე მჯერა, რომ ბატონ ბიძინას ამის გულწრფელი სურვილი აქვს.
მაგრამ მაქვს კითხვა: ნუთუ ზემოაღნიშნული ისტორიული შანსის ფონზე, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნების კვლევა და ნუთუ ეს ევროპულ საზოგადოებად ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება?
თუ ვინმე დამისაბუთებს, რომ ეს ნამდვილად ასეა, ვდებ პირობას: დიდი პატივისცემის მიუხედავად, დავანებებ პრეზიდენტის მრჩევლობას თავს და დავიწყებ საკუთარი პიროვნების კვლევას, ჩემზე უკეთესად ამას მაინც ვერავინ გააკეთებს..." _ წერს კოჟორიძე.