ყურშიტაანთ ეკას რეიტინგს ვინ გადაფარავდა თუ არა ის!? -„ჭარბ-მუხტიანი“ და „ჭარბ-ნდობიანი“, როგორც თავად მოგვახსენა…
ფაქტია _ გადაფარა.
თვით და სრულიად ქართული სოცქსელიც კი მიყუჩდა სანამ ლაპარაკობდა.
თუ ქვეყანა არ დაიქცა და მეორედ მოსვლა არ იქნა, მეორედ პოლიტიკაში რა მომიყვანსო?!
მართალია ისე! რა უნდა მაგისთანას, ამოდენა უძრავ-მოძრავი ქონების პატრონს პოლიტიკაში?
წადი რა _ გადაიდე ფეხი ფეხზე და დატკბი ამ ცხოვრებით. რას აგინებინებ ამოდენა „რჩეულ საზოგადოებას“ თავს? მოცლილი რომ იქნება კაცი!..
ზოგს რომ ჰკითხო, მეორედ კი არა, ან პირველად რას მოდიოდა?!
აწყობთ ახლა მაგის რეიტინგი "ქართული პოლიტიკის კიტებს ?“ დაედო პაჩკა-პაჩკა დოლარები – ჰა თქვენ ბიჭებოო და გამდგარიყო განზე.
მიხედავდნენ ესენი საქმეს. ჯერ არ მიუხედავთ, ჯერ არ შეუჭამიათ თუ ჯერ არ „დამტყდარან“ ეგრე ზოგიერთები?
მაგრამ, მიხვდნენ, რომ ეს ის ტიპი აღარაა, ვინც ვიღაცეებს კიდევ ენდობა და, ამიტომაც, 3 წლის წინ კარგად შესციცინებ-შეჰყიჟინებდნენ შორიდან თუ ახლოდან – არიქა გვიშველე, შენი თვალების, შენი გულის, შენი ფულის და გავლენის ჭირიმეო!? ეჰ! კარგია „ადგილი მზის ქვეშ!“
ახლა გამოეწყვნენ რეზინის ჩექმებში და მოუტრიალდნენ. მარტო – შენი ასე!.. შენი ისე!.. და შენი ფული და გავლენა ჩვენო!?
ჯერ ეგრეც არ ბნელა… თუმცა, არც ისე ბნელა, რაც გუშინ „იმან“ რაღაც-რაღაცეებზე რაღაც-რაღაცეები თქვა. მაინც და მაინც არ გამკვირვებია – მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო!
ძნელი დასაჯერებელია ასეთებისთვის თუ ვინმეს გუშინდელი 1 პურის ნაცვლად დღეს ნახევარი მოსდის, ზოგს კი იმ ნახევრის ფული არც გუშინ ჰქონდა და არც დღეს აქვს.
მთავრობა ეფექტურიაო! ეგეც გასაგებია – წინა რიგში „ყველაზე ეფექტურები“ დგანან და ეგეც ხომ ადამიანური სისუსტეა – რაც გინდა დაიჯერო, – იმას იჯერებ… ეგრეა კაცის ბუნება მოწყობილი და ჰა…
ისიც ტყუილი თქვა – კარგი ხელისუფლების მთავარი ბერკეტი საზოგადოებააო? მაგაში მაინც ვერავინ შეედავება. რა? ჩვენ არ ვიცით რომ ეგრეა? ხელისუფლება რომ დაქირავებული და საზოგადოების მოჯამაგირეა, ეგ ნორმალურ ქვეყნებში დიდი ხანია იციან, ჩვენთვისაა არაორგანული და მოულოდნელი. არადა, რომ გვკითხოს კაცმა – დემოკრატია გვინდა.
ხოდა, ჰა შენ ეგ რაღაც დემო – კრატია! თუ თვლი, რომ დემოსი ხარ, აიღე და „კრატე“! ჩვენ არ ვუხდით ხელისუფლებას ჩვენი გარღვეული ჯიბეებიდან? ჩვენ არ ვართ დამკვეთები თუ ჩვენი მოთხოვნების შეასრულება არ ევალებათ?
რა ბაზაც იყო, ეს ხელისუფლებაც იქიდან შეირჩა – საკანონმდებლოც და აღმასრულებელიც. აბა ბიძინა ამდენ ხალხს თავიდან ხომ არ დაჩეკავდა? რაც შეაჩეჩეს – ის მივიღეთ. აი ვინც შეაჩეჩა, ეგენი კიდევ სხვა და რთული თემაა.. ჰოდა, „შემჩეჩებელ“- „შემოჩეჩებულებისა“ იყოს!
არადა, რას დაგვხატავდა ერთი კარგი ხელისუფლება!.. მაგრამ..
დედა, ეს როგორ თქვაო! ეს რა იკადრაო! როგორ გვაბოლებსო!
ნუ დაბოლდებით თქვენც.
„ვინუჟძენში“ იყო კაცი და თქვა, რომ მთავრობა ეფექტურიაო? აბა რა უნდა ეთქვა – წინა მთავრობა ჯობდაო? და მერე ყურშიტაანთ ეკას „ხმის გავრცელების ძალა?“ მეტი კი არ უნდათ „ეკებს“ და მაგათი ტალანტით მოვაჭრეებს… რა თქმა უნდა, „ეფექტურის“ წინ სიტყვა „მეტ-ნაკლებად“ რომ ჩაემატებინა „იმას“, უფრო უპრიანი იქნებოდა, რამეთუ „კრიტიკა“ უყვარს ხალხს…
მაგრამ, გამოცდილებს, მითუმეტეს, მწარედგამოცდილებს, ესმით, რომ უდროო დროს თუნდაც ჯანსაღი კრიტიკა, პუბლიკაზე კი ჭრის, მაგრამ პრაქტიკაში არაეფექტურია, ზოგჯერ დამღუპველიც.
ხოდა, ახლა მთლად გულახდილობა და ხელისუფლების გინება არ გამოდიოდა რა… შედით კაცის მდგომარეობაში….
ხალხს ისიც ძალიან უყვარს, როცა მის წილ პასუხისმგებლობას სხვა იღებს, მერე ის სხვა ილანძღება და ბოდიშებსაც ის იხდის. რატომაც არა? დიდი ამბავი! აბა რას დაგვპირდა – ყველაფერი კარგად იქნებაო?! თუ ის რაღაც ჯადოსნური ჯოხი არ ჰქონდა, სად ეკვეხებოდაო?
ისე, რა მიკვირს კაცო? იმ მთავრობაში ჩვენისთანა ქართველები არ არიან? მართალია ჩვენზე ამბიციურები და თვითდაჯერებულები – რახან მთავრობაში ყოფნის სურვილი აქვთ, მაგრამ, „წინა ცხოვრებაში“ ჩვენისთანა მოქალაქეები არ იყვნენ – თითო საარჩევნო ხმით? მერე რა დაემართებოდათ?
ითუმეტეს, იმათ, ვინც ვერც იქამდე ხვდებოდა, რომ თანამდებობა, მითუმეტეს სახელმწიფო სამსახური, მოვალეობაა პირველ რიგში და არა გარანტირებული ხელფასისა და პრემიებ-დანამატების ჩაქაფული.
მალე ბატკნის ჩაქაფულის დროც მოვა. გამოჩნდებიან ბატკნები მამა აბრამისა და ვაცებიც განტევებისა. ახალი ტყემალი უხდება მაგ ამბავს!..
და თუ მთავრობა იცვლება, რატომაა ეს კრიზისი? მთავრობა იმისაა, რომ საქმე აკეთოს, რახან გვეუბნება – თქვენზე მეტი ვიცი და შემიძლიაო. არ გააკეთებს – უნდა წავიდეს, აბა რა უნდა ქნას? აღარც ვუსაყვედუროთ, მამაძაღლი?!
შეიძლება ვინმეს 9 და 25 წლიანი „სტაბილურობა“ ურჩევნია.
ვისაც ეგ ურჩევნია კი აკეთებს თავის წილ საკეთებელს. ბოღმის ქოთანში კაი ამოზელილ ტვინს რა სჯობს? მარილი გემოვნებით, ოღონდ! თუ გადაამლაშებს, მით უარესი მისთვის – ნატრიუმის ქლორიდი ხომ თეთრი სიკვდილია…
რომ დაუკვირდე, რა პრაქტიკული და სასარგებლო რამაა უმადურობა ჩვენს დროში… თვალს და ხელს შუა დასახლდა და დასაქმდა ხალხი და აბა ერთი გაუბედე და უკან მოახედე!
არ ვარ მე ის კაციო არ უთქვამს. პირიქით. ის ვარ მეო და ახლა იქ ვარ, სადაც უნდა ვიყოო.
ჭარბი მუხტისა, ჭარბი ნდობისაო, ხოდა, კი იყო გასუსული ერთნაირად, სანამ ის ეთერში პასუხობდა, სრულიად საგინებლეთი და მაგინებლეთი, გაქსუებულნი და გაჭირვებულნი. ფაქტია – ყველა თავის გასაგონს ელოდა.
მაინც ვერ ვიჯერებთ, რომ ისიც ჩვენისთანა მოქალაქეა. როგორ გინდა დაიჯერო?
ახლა სხვა მისია მაქვსო – დამკვირვებელ-მამხილებლისაო. ანუ, ჩვენც, დანარჩენ მოქალაქეებსაც ეგ მისია გვაქვს, თუ ვიკისრებთ.
მაგრამ იმ სამი „ადამიანი-ენჯეო“-ს ჩაღრმავებული კვლევის ნაცვლად (მაგათ აწი მაინც არაფერი ეშველებათ და თვითგამოაშკარავებას მშვენივრად ახერხებენ), ისევ ამ ქვეყნის რეალური პოტენციალის კვლევა არ ჯობდა?
ან ის 200 სერია „ საშინელებათა ფილმი“ – „შეხვედრა წარსულთან 2“ რა მიზანს ემსახურება, რისი თვალსაჩინოებაა? შენ არ ამბობ, ყველა დაბანდებამ სარგებელი უნდა მოიტანოსო? მერე სადაა ხალხის ხელახლა ნერვების აწეწვაში სარგებელი? მგელზე და ბუაზე ბევრს და ხშირად ის ლაპარაკობს, – ვისაც ეშინია და ხალხს რომ ეგ შიში 3 წლის წინ არ დაეძლია, ვერც იმ ომში გამოგყვებოდა.
ხოდა, ვინც ეგ პროექტი შემოგთავაზა, მოგაწონა და დაგაფინანსებინა, დაგვიჯერე, ბიძინავ-ჩვენო! – ისაა ზუსტად შიშზე გამოსალოცი და მაგ იდეის ავტორს წარსულში ბოდიალი და ერთი ადგილის ტკეპვნა ურჩევნია, იმიტომ რომ მასე უფრო მეტი სარგებელი აქვს, იმიტომ, რომ მომავალში თავის თავს ვერ ხედავს, აწმყოთი კი იმ თავის მომავალს იწყობს.
აი მოქმედი მთავრობის მონიტორინგი კი მართლა საქმეა. მაგაში ღირს ფულის ხარჯვაც და ენერგიისაც. რაც იმ 200 სერიის მომზადებაში ფული უნდა გადაუხადო ვიღაც ავანტიურისტს, ეგ ფული ეკონომიკის ექსპერტებს გადაუხადე, განვითარების გეგმა დადონ, თვითონ არა თქვი – მთავარია ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გვინდაო? მერე გგონია, კვირიკაშვილმა ეგ იცის? თუ იმ რაღაც ექსპორტის წახალისების სპეციალური ინსტიტუტის იმედი აქვს?
ბოლო-ბოლო, თუ ის ფული მაინც უნდა დაიხარჯოს, ერთი თავშესაფარი ააშენე თბილისელი ქვრივ-ობლებისთვისა და უპოვრებისთვის.
მადლიანი საქმეა…
რაც არ უნდა იძახო – მოქალაქე ვარო, მაინც არავინ დაგიჯერებს.
შენი სიტყვა მთავარი მესიჯია შენგან ვიზადადებული „სასტავისთვის“.
ა ბატონო თქვი, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული ხდებაო და ეგრევე აიტაცა პრემიერმა.
თუ არაფერი ხდებოდა, რას იბარებდით იმ კრიმინალური წარსულის ქადაგიძეს დახურულში? თუ ხადური დაქაჩული სახის გამომეტყველებით, ე მანდ არ გამეცინოს, რეებსა ვროშამო, ლარის კარგადყოფნას რომ გაახმოვანებს, იმ ხალხის კრედიტებს ეშველებათ ხელფასი რომ ლარში აქვთ და კრედიტი – დოლარში?
ეგრე არ შეიძლება კაცო! რაც მოხვედით სულ იმას გაიძახით – ამან ის ჩამიდო, იმან ის ატვირთა, ის თურმე იმისი ყოფილა, ამას იმის ის მართებს… კი მაგრამ, რომ მოდიოდით ამ თანამდებობებზე, კენჭი რომ ყარეთ და ქოშიც მიაყოლეთ, არ იცოდით სად მიდიოდით? თუ „თუ არაფერი გამოვა მერე რა“?
მერე რაც ხდება ყველამ იცის 2012-დან. იმ ხალხს კი-ს თქმაც შეუძლია და არა-სიც…
ხოდა, ჰეი მანდ, ჩვენო დაქირავებულო ხელისუფალნო, პარლამენტსა და კანცელარიასა შინა! გამოტყდით და უთხარით იმ მოქალაქეს, რომ ზოგჯერ პრიორიტეტების გამორჩევა გიჭირით, ვერც ისე კარგ კანონებს წერთ და მერე ამ კანონებს უფრო უარესად აღასრულებთ, უთხარით, რომ ლარის ამჩატებამ ზემოთ თუ არა, საზოგადოების ქვედა იარუსზე ძალიანაც იმოქმედა, რომ წამლები და პროდუქტი გაძვირდა, რომ , რომ, რომ…
რა, არ იყავით გასულ კვირას „დაშოკილები“, „შავ დღეში“ და, არ აღიარეთ, რომ დაგაგვიანდათ! შემუნდირებული ფირცხალავა მშრალი მოთქმით დასტიროდა გარდაცვლილი პოლიციელების „გვამებს“ და სინდისის ნატამალს შუბლზე ეპოლეტებით იწმენდდა.
მაგ ამბის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა. ამ წინადადებაში „საკუთარი ნება“ აშკარად ზედმეტია, ჯერ ერთი იმიტომ და მეორე- ამიტომ. ანუ საკუთარი ნებით გადააყენეს, ანუ გადადგეს!
პოლიციაში, სასამართლოში და პროკურატურაში რომ ნაცს ტოვებ, იმ არგუმენტით – პოლიტიკური ნიშნით გაშვებას დაგვაბრალებენო, თანაც სხვა კადრი არ მყავსო, ეს 2 წელი რას მიკეთებდით, ცოტა დრო იყო ახალი კადრის მოსამზადებლად და ჩასანაცვლებლად? თან გაჰყვირით, სისტემა იყოო, თან იმ სისტემის მთავარ კაპილარებს ბამბაში ინახავთ. თავში ფეხი ხომ არ გაქვთ მართლა – როგორც ჩემს ბავშვობაში ვამბობდით..
ვითომ ასე ბნელა?
აბა სანთელი და ნათელიო?
იმდენად შეშინებული და ორიენტირებულია ხალხი ცუდის მოლოდინზე, კარგი რომ კეთდება იმისიც აღარ სჯერა და ეჭვით კითხულობენ – ნეტა სად გვატყუებენო?
პრემიერი რომ გამოვა და წლის დასაწყისში იმას გამოუცხადებს თავის ხალხს – ეს წელი მაინც და მაინც დალხენილი არ იქნებაო, მერე როგორ გინდა ხალხი საქმის კეთების იშტაზე მოვიდეს? ღარიბას, როგორც ჩანს, მარტო ნათესავებში და კადრებში არ ეშლება, ან მრჩევლები და სპიჩმეიქერები ჰყავს ნამეტანი ღრმადმოაზროვნე და ჩვენ ვერ ვხვდებით.
რა გაგანათებთ, სანამ არ განათლდებით და როგორ განათლდებით, თუ მასწავლებლისთვის სახრის და წკეპლის დიდი პარტიის შემოტანით ხართ დაკავებული?
აი ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ხომ მაინცაა წარმატებულიო!? აეკიდეთ ახლა მთელი მთავრობა იმ ერთ წარმატებულ სერგეენკოს! კი ბატონო! რაც სოციალურ მხარეს ეხება და აუმჯობესებს, ყველაფერი წარმატებულია, ვინ ოხერი გაგიწევთ ოპონირებას?
ცე ჰეპატიტი „დავასტოპეთ“ სახალხოდ და ერთხმად და ძალიან კარგი, ადამიანებს ექიმთან მისვლის აღარ ეშინიათ, აღარც სცხვენიათ, მაგრამ, ამ სიკარგეების მიღმა იმდენი არაუმნიშვნელო დეტალი რჩება…
იმ წვრილმანების წერტილოვანი დარტყმებით ადამიანები დანაღმულ მინდვრებს ემსგავსებიან. ის კეთილშობილი ექიმი რომ დიაგნოზს დასვამს, მკურნალობას დაუნიშნავს და წამალს გამოუწერს გაჭირვებულ, მაგრამ მაინც მადლიერ პენსიონერს, რა ქნას, მამა-სისხლად შეფასებული წამალი რითი იყიდოს? მერე პური რიღათი სჭამოს, მამაძაღლი?
გამოვა მერე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვინმე ვალერი, გვარად კვარაცხელია და იტყვის, თუ კატასტროფულად გაიზრდება წამლების ფასი, იმ შემთხვევაში მივიღებთ ზომებსო!
კითხოს ერთი ვინმემ მაგ პატივცემულს, კატასტროფა რომელია? მკვდარი რომ აფთიაქში ვეღარ მივა და წამლები ჩაწვება?
მედიკამენტები მხოლოდ 10%-ით გაძვირდა ჯერო და თუ მოეხსენება ის ამბავი, რომ წამლების ფული დღეს საქართველოში მარტო 10%-ს აქვს? ცოტა დაუფიქრდეს რას ამბობს და ნუ ჩაუყრის წყალში თავის წარმატებულ მინისტრს ამდენ შრომას.
ის მოქალაქეები, რომლებიც დღეში 3000 კილოკალორიაზე მეტს მიიღებენ, აუცილებლად იქნებიან აღრიცხვაზე აყვანილი ზენორმირებულ მოქალაქეთა სიაში ხადურის მიერ.
თქვა მაგან, რომ 150+10 არის შანსი არსობისა და მორჩა! დანარჩენზე, უკაცრავად, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრით არ მსურს, დაგეხმაროთო… ეგრეა რა – ყველაზე ხმამაღლა ქამრების შემოჭერაზე ის ყვირის, ვისაც ქამარი წელზე კი არა, წელის სავარაუდო ადგილას აღარ წვდება.
აბა ჩვენ, ისიც გვეყოფა, რომ საარსებო მინიმუმით გამორჩეულ 15 ქვეყანას შორის, მეცამეტე საპატიო ადგილზე ვართ, ფილიპინების და მაროკოს წინ.
პენსიის რიგში მოსმენილ პროგნოზსაც მოგიყვებით ბარემ: სექტემბრიდან 10 ლარს იმიტომ გვიმატებენ, რომ იქამდე კაი გვარიანად ამოვწყდებით პენსიონრები და ნაკლები ექნებათ გასაცემიო.
ვინც გადავრჩებით, ისეთ წონაზე ჩამოვალთ, სულ სირბილით გაგვარბენინებენ სასაფლაოზე, თან 4-ის მაგივრად 2 სახელური დაგვჭირდებაო. რაიონულ გამგეობებს ფინანსებიც აქვთ მაგ საქმისთვის გამოყოფილი და ტენდერებიც ცხადდება ორსახელურიან კუბოებზე, მაშ!..
რა თქმა უნდა, ყველაზე უიმედო სიტუაცია მაშინაა, როცა კუბოში წევხარ და სახურავზე მიწის მოყრის ხმა გესმის. დანარჩენ შემთხვევაში, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია…
ჰოდა, ჩვენო მოქალაქევ! ნამეტანსაც ნუ იზავ, თორემ, მასე, კარგ ადვოკატს, სასამართლოში მკვლელობის გამართლებაც შეუძლია. შენც კარგად იცი – ვინც ბოლოს და ბოლოს დროის ფასს მიხვდა, მას არასოდეს კარგავს, ხოდა, როგორც მოქალაქემ, მაგ ჩვენს ხელისუფლებას, პირველ რიგში დროის ფასი ასწავლე!
თორემ, გუშინდელს აქეთ საქართველოში ხალხი დილის ლოცვაზე უკვე იმას ივედრება – ღმერთო, ისე გვამყოფე, როგორც ბიძინას ჰგონია, რომ ვართო!
სხვა რა გითხრათ? გასულ კვირას სიმშვიდის და დონატების დეფიციტი იყო ქვეყანაში…
ყავამშვიდობისა, მოქალაქენო!