ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო რაზმებმა ერაყში, ქალაქ მოსულის ცენტრში, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ისტორიული მემკვიდრეობის, ასურეთის სამეფოს დედაქალაქის, ნინევიის ნაშთების განადგურება დაიწყეს და ამისათვის დიდი რაოდენობით ასაფეთქებელ მასალას იყენებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Shafaq-ი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ნინევიის კედლის ნაშთების დიდი ნაწილი უკვე მთლიანადაა განადგურებული. ქალაქ ნინევიის ნაშთები ახლო აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანეს ძეგლად ითვლება და ასურეთის სამეფოს დროს, სამი ათასი წლის წინ არის აშენებული.
ნინევია მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქად ითვლება. პირველი დასახლება აქ 6 ათასი წლის წინ გაჩნდა. ქალაქი ნაყოფიერებისა და სიყვარულის ქალღმერთის – იშთარის თაყვანისცემის ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქმა არნახულ აღზევებას მიაღწია ძველი წელთაღრიცხვის მერვე საუკუნეში, როცა იგი ასურეთის იმპერიის დედაქალაქი გახდა. ამ დროისათვის იგი მსოფლიოს უდიდეს ქალაქს წარმოადგენდა და მასში 150 ათასი მცხოვრები იყო. ქალაქის დამცავი კედელმა დღევანდელობამდე თითქმის მთლიანად მოაღწია და მის სიგრძე 12 კილომეტრს აღწევდა.
ისლამური ხალიფატის სახელმწიფოს არმიამ ერთი წლის მანძილზე უამრავი ისტორიული ძეგლი დაანგრია ან ააფეთქა, განსაკუთრებით კი ერაყის ტერიტორიაზე არსებული წარსულის ნაშთები, რითაც კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას უდიდესი ზიანი მიაყენა.
გამოყენებულია www.english.shafaaq.com-ისა და www.newsru.co.il-ის ინფორმაცია