საბანკო სისტემა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი საკმაოდ მყიფე ეკონომიკური სეგმენტია. შესაბამისად, ამ სფეროში არსებული რისკისგან თავის დასაცავად სხვადასხვა მექანიზმები იქმნება. ბანკის კლიენტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დიდი ხანია გამოიყენება დეპოზიტების დაზღვევის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს. ქვეყნებში, სადაც მაღალგანვითარებული საბანკო სისტემა მოქმედებს, ხელისუფლება და თავად საფინანსო ინსტიტუტები დიდ ყურადღებას უთმობენ მეანაბრეებისა და დეპოზიტარების უფლებების დაცვას და მათი დანაზოგების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება დეპოზიტების დაზღვევის სისტემაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით ფუნქციონირებს
"ბანკები და ფინანსები" წერდა, რომ მსოფლიო ბანკის დახმარების პროექტის ფარგლებში საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის პროექტი განხორციელდება. მთავრობის სხდომაზე განიხილეს დეპოზიტების დაზღვევის პროექტი და შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ფინანსთა მინისტრი უხელმძღვანელებს, ეკონომიკის მინისტრი კი იქნება ამ სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე.
"ბ&ფ" ეკონომიკის ექსპერტებს და საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელს დაუკავშირდა და სთხოვა მოსაზრების გამოთქმა დეპოზიტების დაზღვევის პროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
"დეპოზიტების დიდ ნაწილს მოიცავს წვრილი და არა მსხვილი დეპოზიტები, სწორედ აქ შეუძლია დაზღვევის სისტემას ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი”
გოჩა თუთბერიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ეს სისტემა შემოღებულია და ფუნქციონირებს. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უახლოეს წარსულში საქართველომ გადაიტანა ჰიპერინფლაცია, რამაც გამოიწვია მასობრივი უნდობლობა ბანკებისადმი და ეს უნდობლობა დღესაც არ არის გამქრალი. ჯერაც არ ჩამქრალა სოციალური უკმაყოფილება დაკარგული დეპოზიტების გამო, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემის დროს ჰქონდა ადგილი. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება კი ამ უნდობლობას, შედარებით, გააბათილებს.
დღესდღეობით საქართველოში დეპოზიტების მოცულობა, 8-9 მილიარდია, ეს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 25-30%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს ძალიან დიდი რეზერვი და ეს რეზერვი ეკონომიკისთვის პრაქტიკულად არ მუშაობს. ადამიანები ჯერაც არ ენდობიან ბანკებს და ერიდებიან შეიტანონ თავიანთი დანაზოგები ბანკში.
მნიშვნელოვანია, რომ დეპოზიტების დიდი ნაწილს მოიცავს წვრილი და არა მსხვილი დეპოზიტები, სწორედ ისინი ქმნიან ყველაზე სტაბილურ წყაროს საბანკო საქმიანობისათვის. სწორედ აქ შეუძლია დაზღვევის სიტემას ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი.
ჩემი აზრით, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ სისტემის დანერგვა თითქმის წარმოუდგენელია, თუმცა არა აბსოლუტური ჩარევით. სახელმწიფომ უნდა გაიღოს საწყისი კაპიტალი, შემდგომ ბანკები მოზიდული დეპოზიტებიდან გაიღებენ გარკვეული რაოდენობის პროცენტს, როგორც ეს მიღებულია მთელ მსოფლიოში და აქ ახალი არაფერი არ არის. მთავარია მოხდეს შეთანხმება თუ რა მოცულობის დეპოზიტის ანაზღაურებაზე იქნება საუბარი."
"დეპოზიტების დაზღვევის პროექტის ამოქმედების საჭიროება ადრე გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე დღესდღეობით”
ზურაბ გვასალია, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი: "ეს თემა არ ახალია. ბოლო 10-12 წელია პერმანენტულად მიდის საუბარი ამ საკითხზე. თუმცა, მოვედით დღემდე ისე, რომ დეპოზიტების დაზღვევის ფონდი ჯერ კიდევ არ ამუშავებულია. ჩემი აზრით, დეპოზიტების დაზღვევის პროექტის ამოქმედების საჭიროება ადრე გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე დღესდღეობით. მოსახლეობას დაავიწყდა კიდეც ბოლოს როდის მოხდა, რომ ბანკი გაკოტრდა, დაიხურა და დეპოზიტები ვერ დააბრუნა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ ბოლო 5 წელია დაახლოებით 20-22%-ით იზრდება ფიზიკური პირების ანაბრები.
დღეისათვის ნამდვილად არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ მაინცდამაინც სასწრაფოდ, თუნდაც 6 თვეში ეს პროექტი განხორციელდეს. დღეს არსებული საბანკო ზედამხედველობის პირობებში თეორიული შანსიც კი არ არის იმისი, რომ რომელიმე ბანკი გაკოტრდება და ვალდებულებებს ვერ გაისტუმრებს. ამ საკითხთან საკმაოდ ფრთხილი მიდგომაა საჭირო და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი მიდგომა ექნება კომისიას და საბანკო ასოაციაციაც აუცილებლად იქნება ჩართული აღნიშნულ პროექტში. არჩეული მოდელი და დაწესებული ზედა ზღვარი აუცილებლად ანალიზის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული".
"საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ისევ ვერ ამოქმედდება"
ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: "დაზღვევის სისტემა ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს და მინიმალური დონის ანაბრები კატაკლიზმებისგან არის დაზღვეული. აღნიშნული პროექტის დანერგვაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. ვფიქრობ, რომ დღესაც ეს თემა საუბრის დონეზე დარჩება".