საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში წინსვლაა.
ამის შესახებ შოთაძემ გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა.
"ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში პროკურატურის თანამშრომელს იმედი არის, რომ საქმე გაიხსნება. ეს იმედი რომ არ იყოს, რომ ჩვენ გავხსნით ნებისმიერ დანაშაულს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მე პირადად ამ სამსახურში და ამ თანამდებობაზე არ ვიმუშავებდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ საქმის გამოძიების იმედი გვაქვს. იმედი გვაქვს და დღევანდელი პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილის დანაყოფი, რომლის წარმოებაშიც არის საქმე, ყველაფერს აკეთებს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ ეს საქმე გაიხსნას და ის პირები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დაისაჯოს", _ აღნიშნა შოთაძემ, თუმცა დასძინა, რომ "არსებობს ისეთი საქმეები, რომლებიც ვერ იხსნება გარკვეული ობიექტური გარემოებების გამო".
"არის ასეთი რაღაცეებიც, რომ საქმეები გაუხსნელი იყო. ვიცით ბევრი რეზონანსული საქმე. მე იმას ვგულისხმობდი, რომ ეს საქმე საწყის ეტაპზეა. მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები და მე პირადად და იმ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც ამ საქმის გამოძიებაშია ჩართული, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენ ამისთვის არაფერს დავიშურებთ", _ განაცხადა შოთაძემ.
"ამ ეტაპზე ჩვენ რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, საქმეში არის წინსვლა. 11 დღით ადრე გაცილებით ნაკლები ვიცოდით, ვიდრე დღეს ვიცით და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ვერსიებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ კიდევ ჩასატარებელია საკმაოდ ბევრი საგამოძიებო მოქმედება. საქმე ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შესაბამისად, აქ ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ამ წამსაც გრძელდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე წინ არის წასული. არის ვერსიები", _ განაცხადა შოთაძემ, თუმცა მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ დააკონკრეტა.