ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანით ვაჭრობისთვის ბრალდებულის, ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნასიბახონ აბდულლაევას საქმის არსებითი განხილვა დაასრულა.
ნასიბახონ აბდულლაევას ბრალი ედებოდა ყირგიზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, მათ შორის არასრულწლოვანის უ.ა.-ს მიმართ ტრეფიკინგის განხორციელებაში. მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს ს.ს.კ-ის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით და საქართველოს ს.ს.კ-ის 1431 მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით.
ნ. აბდულლაევამ 2013 წლის აპრილში, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების დაპირებით, ყირგიზეთიდან ქ.ბათუმში ჩამოიყვანა არასრულწლოვანი უ.ა, რომელსაც ჩამოართვა პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით და ძალადობით ახორციელებდა დაზარალებულის სექსუალურ ექსპლუატაციას.
2015 წლის 31 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ნასიბახონ აბდულლაევა მთლიანად ცნო დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განუსაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.