ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმე, შესაძლოა, დღეს გაიხსნას.
საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ჭკადუა არც იმას ადასტურებს, რომ მისი პროკურატურაში მისვლა დილიდან მიმდინარე დაკავებების პროცესს უკავშირდებოდეს.
“ბატონი იური ვაზაგაშვილის ამბავი, რომ არ მომხდარიყო ეს საქმე მაინც მალე გაიხსნებოდა. როდესაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, რომ საქმე დაასრულოს და იტყვის რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულებები საქმე გახსნილად მაშინ გამოცხადდება, – აცხადებს ირმა ჭკადუა.
შეგანხსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, გამომძიებელი ლევან ბეროძე, სპეცრაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანი და კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი – ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე. ექსვსივე პოლიციელს სამართალდამცველებმა სახლებში მიაკითხეს და პროკურატურაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, საქმე ეხება 2006 წელს მომხდარ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა მათ შორის იყო ზურაბ ვაზაგაშვილიც.
































































