საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სამომხმარებლო კალათა განაახლა.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის სამომხმარებლო კალათა 295 დასახელების სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებას მოიცავს, რაც 2014 წლის სამომხმარებლო კალათის იდენტურია.
განახლებულია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების წონები.
"2015 წლის განახლებული სამომხმარებლო კალათა ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრული მოხმარების სტრუქტურას. სამომხმარებლო კალათის ჯგუფების და ინდივიდუალური საქონლის (მომსახურების) წონები ეფუძნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების სტრუქტურასა და შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევიდან მიღებულ ინფორმაციას. წონების განახლება ხდება ყოველწლიურად, ზემოაღნიშნული წყაროებიდან მიღებული უახლესი მონაცემების გამოყენებით. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს სთავაზობს. განახლებული სამომხმარებლო კალათა ასახავს მოსახლეობის დანახარჯების უახლეს სტრუქტურას, რაც უფრო საიმედოს ხდის სამომხმარებლო ფასების ინდექსს – ინფლაციის მაჩვენებელს", – ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.
განახლებულ სამომხმარებლო კალათაში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი ყველაზე მეტია და 30,74%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ტრანსპორტი (11,80%); ჯანმრთელობის დაცვა (9,46%); საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,48%); დასვენება, გართობა და კულტურა (7,11%); ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (6,43%); ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ნაწარმი (5,19%); განათლება (5,03%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (4,80%); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (4,50%); კავშირგაბმულობა (3,61%); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.86%).