პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების პარკირების წესების დარღვევისას მოქმედი სამართლებრივი ნორმების დახვეწის მიზნით, დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილება მომზადდა. აღნიშნული ცვლილება დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ავტომობილის სპეციალურად დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის სამართლიანი რეგლამენტირება და აღნიშნულის თაობაზე მოქალაქეების ინფორმირების სამართლებრივი მექანიზმების შექმნაა საჭირო.
მისი თქმით, სამართალდარღვევათა მიმართ გამოყენებული დაჯარიმების შემდგომ კომპანია "სითი პარკს“ ფარულად გადაჰყავს ავტომობილები სპეციალურ ავტოსადგომზე, რითაც მოქალაქეებს მორალური და მატერიალური ზიანი ადგებათ.
მისივე განცხადებით, ავტომობილების გადაყვანისას დაცული არ არის უსაფრთხოების წესები, რის შედეგადაც ხშირია ავტომობილების დაზიანების შემთხვევები.
ზაქარია ქუცნაშვილმა კანონპროექტს დაურთო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელშიც კომპანია "სითი პარკის“ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. კანონპროექტის ავტორს მიაჩნია, რომ, თუ ავტომანქანა, რომელშიც მფლობელი არ იმყოფება, არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საცობსა და საავარიო სიტუაციას, არ უნდა იქნას გადაყვანილი სპეციალურ ავტოსადგომზე, რადგან ასეთი გადაყვანით ხდება საკუთრების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ავტომობილი დარეგისტრირდება "საინფორმაციო სამსახური112“-ის ბაზაში.
უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის მოსაზრებით, იმისთვის, რომ აღნიშნული სამსახურის გადატვირთვა თავიდან იქნას აცილებული, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური სერვისი, რომელიც სატელეფონო შეტყობინების სახით აცნობებს მფლობელს ავტომანქანის გადაყვანის შესახებ. ვაშაძის მოსაზრება უმრავლესობის წევრებმაც მოიწონეს და გაიზიარეს.
კომიტეტის წევრის, თემურ ჭკუასელის განცხადებით, საჭიროა ჯარიმის გადახდის გონივრული პროცედურის დაწესებაც, რადგან საქარე მინაში დატოვებული ჯარიმის ფურცელი ხშირად, მრავალი გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, ავტომობილის მფლობელამდე ვერ აღწევს, რაც მის დროულ ინფორმირებას აფერხებს. ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტში აისახება.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.