საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციისა და დაფუძნების საკითხთა შემმუშავებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიამ ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის კონცეფციაზე აქტიური მუშაობა დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის ტექნიკურ-საპროექტო ღონისძიებებზე იმსჯელეს. დაისახა გეგმები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკება, განსაკუთრებით კი CERN -თან და CNAO-სთან სამეცნიერო-საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირება.
კომისიის თავმჯდომარეა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თანათავმჯდომარე კი – ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი. კომისიის შემადგენლობაში შედიან: "ქართუ" ჯგუფის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, "ქართუ" ჯგუფის წარმომადგენელი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი.
საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები.