განსაკუთრებით საშიშია წვიმის დასაწყისი, როდესაც გზაზე არსებული მტვერი და წყალი ქმნის სრიალა აპკს. ასეთ გზაზე საშიშია მკვეთრი დამუხრუჭება და მაღალი სიჩქარით მოძრაობა მოსახვევებში, რაც ავტომობილის მოცურების მიზეზი შეიძლება გახდეს. გარკვეული დროის შემდეგ სრიალა აპკი გადაირეცხება და გზა ნაკლებად საშიში ხდება.
გაითვალისწინეთ, რომ წვიმაში ხუნდები და ზოგადად სამუხრუჭე მექანიზმის დეტალები სველდება და გაჩერების მანძილი დაახლოებით ერთნახევარჯერ იზრდება. ამიტომ მოერიდეთ მაღალი სიჩქარით მოძრაობას.
გზაზე არსებულ ჩაღრმავებებში გროვდება წყალი და წარმოიქმნება გუბეები. გუბეში გავლისას ბორბლებზე წარმოიქმნება დიდი წინააღმდეგობის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება საბურავის ბრუნვას. განსაკუთრებით საშიშია როდესაც ავტომობილის ერთი მხარე გაივლის გუბეში. ამ დროს წარმოიქმნება ცალმხრივი წინააღმდეგობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის შემობრუნება. ამ მოვლენის დროს უმეტეს შემთხვევაში ავტომობილი ხდება უმართავდი და თავიდან ასაცილებლად გუბეში გავლამდე შეამცირეთ სიჩქარე. ზოგადად სასურველია მოერიდოთ გუბეში გავლას, რადგან იგი შეიძლება ფარავდეს ღრმა ორმოს და მასში სწრაფად გავლამ შესაძლებელია გამოიწვიოს ავტომობილის საკიდარის საკმაოდ სერიოზული დაზიანება.
სველ გზაზე სწრაფად მოძრაობისას შეიძლება წარმოიშვას მოვლენა, რომელსაც აკვაპლანირება ეწოდება. აკვაპლანირება არის მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება სველ სავალ ნაწილზე ბორბლების დიდი სიჩქარით მოძრაობისას, როცა საბურავი ვერ ასწრებს წყლის დაწურვას მათი შეხების ზედაპირიდან. ამ დროს ავტომობილი სრიალებს და იქმნება მისი გზიდან გადასვლის საშიშროება. ამის მიზეზებია – მაღალი სიჩქარე, გაცვეთილი პროტექტორი და დაბალი წნევა საბურავებში.