ანაკლიიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედის, ცინარა აბულაძის განცხადებით, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მისი შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ყველაფერი იცის.
თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას მინდია ჯანელიძე უარყოფს და აცხადებს, რომ აბულაძის გაუჩინარების შესახებ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვს.
ცნობისთვის, საქმე ეხება 2012 წლის 18 იანვარს ანაკლიიდან დაკარგულ გოგიტა აბულაძეს, რომლის კვალს ოჯახმა და საგამოძიებო ორგანოებმა დღემდე ვერ მიაკვლია. გავრცელებული ინფორმაციით, აბულაძე, სავარაუდოდ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, თუმცა რა კონკრეტული შედეგი აქვს გამოძიებას, ამ დრომდე უცნობია.
როგორც გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მათ უკვე საქმის გამოძიების და ბოლომდე მიყვანის იმედი აღარც აქვთ.
მისივე თქმით, საქმეში მოქმედი მაღალჩინოსნების დანაშაულებრივი ქმედება, ამიტომ გამოძიების დასრულების ნება სახელმწიფოს არასოდეს ექნება.
“საქმე როგორ გაიხსნება, როცა მალხაზ პაჭკორია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცის ჩემი შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ისევ თანამდებობაზე რჩება. შსს-ს კონტრდაზვერვის მაშინდელი უფროსი მინდია ჯანელიძე კი, დღეს თავდაცვის მინისტრია. კონტრდაზვერვაში რჩება ასევე ვალერი ზუმბაძეც. იქნებ დამეხმაროთ, რაიმე ინფორმაცია მითხრან საგამოძიებო უწყებიდან. ამდენ ხანს მოთმენა უკვე გაუსაძლისია“, _ ამბობს ცინარა აბულაძე.
გოგიტა აბულაძის გაუჩინარების საქმესთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე.
მინისტრის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჯანელიძემ საქმის შესახებ იცის, თუმცა, აბულაძის გაუჩინარების პერიოდში ის კონტრდაზვერვაში არ მუშაობდა.
როგორც ჯანელიძე ამბობს, ამ თანამდებობაზე 2012 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა, აბულაძე კი 2012 წლის დასაწყისში გაუჩინარდა. ამიტომ საქმესთან არანაირი შეხება არ ჰქონია. თუმცა, ფაქტის შესახებ დღემდე ახსოვს.
ცნობისთვის, გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს 4 თებერვალს შეხვდნენ.
მანამდე კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დეკემბრის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე “გურია ნიუსის“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ შს მინისტრს საქმის შესახებ ოჯახის დაუყოვნებლივ ინფორმირება დაავალა.
ამავე თემაზე:
ცინარა აბულაძე: “გთხოვთ, მიიტანოთ პრემიერ-მინისტრამდე ჩემი სათქმელი”
ვინ არის “სამეგრელოს სამალავის” მონაწილე მაღალჩინოსანი ინიციალებით _ “ლ.ქ.”
“ჩემი ძმა ანაკლიაში ერთ-ერთ მშენებლობაში ჩააბეტონეს”
პრეზიდენტო, თქვენი ყველა ვიზიტის დროს, 70 წლის ქალბატონს უმოწყალოდ სცემენ!