საქართველოს სახალხო დამცველისთვის, 2015 წლის 12 თებერვალს, ელექტრონულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებმა, რომლებიც პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოზე მიიწვიეს, ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლეს, ვინაიდან მათი საჭიროებები გათვალისწინებული არ იყო – არ დამონტაჟებულა პანდუსები, რომელიც სპორტის სასახლეს აქვს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იძულებულნი იყვნენ გადაადგილებულიყვნენ დაცვის თანამშრომელთა დახმარებით, რის გამოც, მათ პროტესტის ნიშნად დაწესებულება დატოვეს.
"გარემოს მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს, რომლის მოგვარების გარეშეც შეუძლებელია მათი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული უფლებების სათანადოდ რეალიზება და საზოგადოებრივ აქტივობებში სრულყოფილი მონაწილეობა. არაადაპტირებული გარემო და პირობები უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის საფუძველი ხდება," _ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აპარატი, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით აღნიშნულ ფაქტს შეისწავლის.