შეხვედრა ლანჩხუთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ და ამავე დროს კონფერენციის სპიკერმა ნანა ფირცხალაიშვილმა გახსნა, რომლის შემდეგაც პროექტის პრეზენტაცია სალომე ჩიკაშუამ წარმოადგინა.
როგორც გაირკვა, ახალგაზრდებმა კვლევა ჩაატარეს, ყოველდღიურობაში რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება და რომელია მათ შორის ყველაზე აქტუალური.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, როგორც გაირკვა, ქუჩაში გამოკითხვა ჩაატარეს _ ადგილობრივები კულტურული კერის არარსებობას უჩივიან. მათი თქმით, არ არის კინო, თეატრი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ეზიარონ ხელოვნებას, გაერთონ თავისუფალ დროს. ასევე, მათი აზრით, ჩოხატაურში უტრანსპორტობასაც უჩივიან და მოსწავლეებს ფეხით კილომეტრების გავლა უწევთ.
ოზურგეთელი მოსწავლეების ნაამბობით კი, აქ მთავარი პრობლემა განათლების დონის ნაკლებობაა: "ოზურგეთში თეატრი არის, თუმცა, მაყურებელი არაა. კინოც გვაქვს, მაგრამ უფუნქციოა", _ ამბობენ ისინი და ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისა და სამოქალაქო ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
ლანჩხუთელმა მოსწავლეებმა მთავარი აქცენტი უმუშევრობაზე გააკეთეს. მათი აზრით, სიღარიბე, ცხოვრების დაბალი დონე და უმუშევრობაა აქაური ახალგაზრდების ყველაზე აქტუალური პრობლემა.
კონფერენციას ესწრებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი სოფიო ჩხაიძე, რომელმაც შეხვედრის დასასრულს სიტყვით მიმართა კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდებს და მათ თანადგომა აღუთქვა.