წუხელ, გვიან ღამით, ქალაქ ოზურგეთში ლანჩხუთის ქუჩაზე მცხოვრები 24 წლის ირაკლი კვაჭანტირაძე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
ირაკლი კვაჭანტირაძე მეუღლესთან ერთად ოზურგეთში, ე.წ. "მოიდანახეს" სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც მას თავში იარაღი ესროლეს.
მეუღლის, თქმით ტყვია, მასაც აქვს მოხვედრილი.
როგორც გარდაცვლილი ირაკლი კვაჭანტირაძის დედა, "გურია ნიუსთან" ამბობს, ოჯახისთვის უცნობია, თუ ვის შეიძლება მკვლელობა ჩაედინა.
"ერთი თვეა, რაც დაოჯახდა. მეუღლემ სთხოვა სასეირნოდ წასულიყვნენ, არ ვიცით რა მოხდა", _ ამბობს მარგალიტა კვაჭანტირაძე.
შვილის მოკვლის მიზეზი და მკვლელების სავარაუდო ვინაობა უცნობია გარდაცვლილის მამისთვისაც.
როგორც ილია კვაჭანტირაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, გარდაცვლილი ირაკლი კვაჭანტირაძე ორჯერ იყო ნასამართლევი.
"ირაკლი ორჯერ ნასამართლევია, ციხიდან ორი წელია რაც გამოვიდა".
მოკლული წუხელ ქუთაისში გადაასვენეს.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია საქმე სსკ #108-ე მუხლით.