დაკმაყოფილდება თუ არა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და გათავისუფლდება თუ არა დედაქალაქის ყოფილი მერი, 18 თებერვალს გაირკვევა.
ცნობისთვის, გიგი უგულავას ადვოკატებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფის 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ პროკურატურას გადასცემენ უგულავას პირადობის მოწმობას და პასპორტს ქვეყნიდან გაუსვლელობის გარანტიისთვის.
ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ პროკურატურამ საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გონივრული ვადა ითხოვა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიგი უგულავასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომა 18 თებერვლისთვის გადადო.
სწორედ 18 თებერვალს გახდება ცნობილი მოსამართლის განჩინება აღნიშნულ შუამდგომლობაზე.